შვედეთის ტრანსპორტის კომიტეტმა ბორბლებიანი სახლების დატესტვა დაიწყო. გამოცდის ჩაბარება ორ მოდელს მოუხდა და ორივე მათგანი სასტიკად ჩაფლავდა.
კრაშ-ტესტების ჩატარება ხელისუფლებამ ბორბლებიანი სახლის პოპულარობის ზრდის გამო გადაწყვიტა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2014 წლიდან ე.წ. „ძრავიანი სახლების“ რაოდენობა ქვეყანაში 50%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში მსგავსი ტიპის ავტომობილების მონაწილეობით ავარიების რაოდენობამაც იმატა. 6 წლის განმავლობაში 6 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი კი სერიოზულად დაშავდა. ყველაზე გავრცელებულ ავარიულ შემთხვევათა შორს კი წინა მხრიდან დაჯახება ლიდერობს.
„ძრავიანი სახლის“ გამოცდა Euro NCAP-ის წესების მიხედვით ჩაატარეს. ავტომობილი მყარ ბარიერს 64 კმ/სთ სიჩქარით დაეჯახა და აღმოჩნდა, რომ მიუხედავად უსაფრთხოების ბალიშებისა ფატალური შედეგის დადგომის რისკი ძალიან მაღალი იყო.
დაჯახების დროს ავეჯი საყრდენს წყდება და წინ, მგზავრის მიმართულებით ვარდება. რაც ბუნებრივია, ტრავმების საშიშროებას ერთი-ორად ზრდის.