LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ბერიშვილი: “თუ მეცნიერების არ გჯერა, ნუ დალევ ტკივილგამაყუჩებელს, ნუ უმკურნალებ ინფექციებს ანტიბიოტიკებით, ნუ დაიწევ წნევას წამლით…”

144
received-2752986218286926

აშშ-ში მცხოვრები ნანა ბერიშვილი, რომელიც ნიუ იორკის შტატის ვესჩესტერის საგრაფოს სენტ ჯონის ჰოსპიტალში კოვიდ ინფიცირებულებთან მუშაობს, ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და მათ, ვისაც ვაქცინის არ სჯერა, შეახსენებს, თუ როგორ ვმკურნალობთ ინფექციებს, თავის ტკივილს და სხვადასხვა დაავადებას წამლებით, რომლებიც მეცნიერებმა გამოიგონეს, კოვიდვაქცინის მსგავსად…

“შარშან, ამ დღეს, 5 კოვიდინფიცირებული პაციენტი გვყავდა განყოფილებაში. ზომიერად მძიმე.
ვირუსზე ზუსტად იმდენი ინფორმაცია გვქონდა, რამდენიც მკურნალობის ეფექტურ მეთოდებზე – კატასტროფულად მცირე. ინფორმაციის დეფიციტს PPE-ს პერსონალური დამცავი აღჭურვილობის არქონაც ერთვოდა. ქირურგიულ ნიღბებსაც კი უსაშველო ხელმომჭირნეობით ვხმარობდით. ერთ ცალ N-95 ნიღაბს 2-3 დღეს ვატარებდით. საავადმყოფოები გარე ვიზიტორებისთვის ჩაიკეტა.
დავრჩით ჩვენ – მედპერსონალი, უსაშველო სიმპტომებით დამძიმებული პაციენტები და ჯერ არგაშიფრული, ათასუცნობიანი ვირუსი ერთმანეთის პირისპირ. კიდევ ყოვლისმომცველი, პანიკასთან დაძმობილებული, ცივი, სლიპინა, ოფლიანი შიში.
მერე სიკვდილი შემოვიდა პალატებში. და დარჩა.

გადავიტანეთ, გადავიარეთ, დანაკარგებს შევეგუეთ, ურწმუნოების გადარწმუნებას შევეშვით (კარმას შევატოვეთ), ვიღაც გონებანათელმა შექმნა დამცავი ფარი (ვაქცინა), ამოვისუნთქეთ…. და ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი….
შეიძლება გჯეროდეს მსოფლიო შეთქმულების და დაჩიპვის თეორიების, შეიძლება, არ გჯეროდეს მეცნიერების და გჯეროდეს აიაზმების და შამანების. ნება შენია. მაშინ, თავი რომ გტკივა, ნუ დალევ ტკივილგამაყუჩებელს, ნუ უმკურნალებ ინფექციებს ანტიბიოტიკებით, ნუ დაიწევ წნევას წამლით, ნუ გაიკეთებ ტეტანუსის აცრას ზინთით ამოვსებულ ჭრილობაზე, არ გაიკეთო რადიოლოგიური დიაგნოსტიკა, არ შეიმოწმო სისხლის ანალიზი. მიეცი ბუნებას საშუალება, თავისი გზით წავიდეს. არა?

წარმოიდგინეთ გარემო, სადაც შავი ჭირი, ქოლერა, მალარია, სიფილისი, ჭლექი, წითელა, პოლიო, დიფტერია, მენინგიტი, ჰეპატიტი ‘C”, პაპილომავირუსი, ინფლუენცია და კიდევ ათასი მიკრო-კოშმარი სრულიად უკონტროლოდ, შეუზღუდავად თანაარსებობს ჩვენ გვერდით. რა დარჩება ადამიანებისგან? წარმოიდგინეთ? მოგეწონათ ვიზუალური სურათი?

წელიწადზე მეტი გავიდა. ამდენი სიკვდილის, ძლივს გადარჩენილთა განახევრებული ჯანმრთელობის ფონზე რაზე ვკამათობთ?
– რომ ვაქცინა უნდა გავიკეთოთ?
– რომ ყბადაღებული “ჯოგური იმუნიტეტის” შესაქმნელად მოსახლეობის 90-95%-ს უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი, რომ ვირუსის სასიცოცხლო ჯაჭვი ჩაწყდეს?
– რომ ვაქცინით გარდაცვლილი ერთი მსხვერპლი მილიონობით წარმატებულად აცრილებზე უფრო ხმაურობს?
– რომ ეს არ არის ვიწროდ აღებული ერთი რეგიონის პრობლემა, არამედ გლობალური პანდემია, რომელმაც მილიონობით ადამიანი უკვე იმსხვერპლა?

P.S.
ყველაზე მეტად ის ადამიანები მაღიზიანებენ, როტშილდის ხელგაშლილობით რომ აცხადებენ – “ჩემი და ჩემი ოჯახის მარაგიც შენთვის დამითმია გენცა”, მოყვასზე მოზრუნე მიზანტროპები.

P.P.S.
ზედა მკლავზე დაიხედეთ, თუ ნააცრალი დამღა გაქვთ, თქვენ წარმატებული ვაქცინაციის პროდუქტი ხართ.

მე გავიკეთე. ორი თვის წინ.

წარმატებებს გისურვებთ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g