LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ჩარკვიანის წერილი ცნობილ ბაბუას: „ორი წლიდან განვიცდი, რომ ვერ მნახა ირაკლიმ ისეთი, როგორიც თუნდაც შენ მნახე…“

1879
gelananacharkviani

გელა ჩარკვიანის შვილიშვილმა და ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილმა, ნანამ, თავისი დღიურის წარმოება დაიწყო, სადაც საკუთარ ყოველდღიურ ფიქრებს გაუზიარებს მკითხველს. პირველი წერილი მან ახლახან გარდაცვლილ ბაბუას, გელა ჩარკვიანს მიუძღვნა და წერს:

„გაგიმარჯოს, გელა“..

ბევრი წერის გამო, შუა თითის შიგნითა ნაწილი გებურცებოდა ხოლმე. მახსოვს პირველად, რომ გავამახვილე ყურადღება მითხარი – ეს მშრომელი კაცის ხელიაო. 🙂

მახსოვს როგორ მომიტანე კონკიას ვარდისფერი ნათურებიანი ჩემოდანი და როგორ მეხმარებოდი ამ ჩემოდნის ჯერ აეროპორტში და მერე ბეიქერ სთრითზე ტარებაში. ადაპტირებულ ბიბლიას წამმზომით რომ მაბეჭდვინებდი? რამდენს ვწუწუნებდი, მაგრამ სულ დაუზარებლად მიხსნიდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ დროში გამომმუშავებოდა სწრაფი ბეჭდვის ტექნიკა.

გამოცდებს რომ მიტარებდი, წარმატებით ჩაბარებისას ყოველთვის მიჯილდოებდი.

დილით კიდე 40 წელი ერთი და იმავეს ჭამდი. რამდენჯერაც ვეცადე, რომ რამე ახალი შემომეთავაზებინა, ან მეჩვენებინა, რამდენად უფრო მარტივია ფაფის მიკროტალღურში მომზადება, მაინც ამჯობინებდი ფაფის ქვაბში მოხარშვას – უფრო სასიამოვნოა საუზმესთვის შრომაო. ამით ჯანსაღი რუტინის ფასი მასწავლე.

ნანას გარდაცვალების მერე მისი დაბადების დღე დიდ ზეიმად აქციე. ყველას ჩვენ-ჩვენ საქმეს გვავალებდი, რომ ნანასთვის იდეალური დღე მოგვეწყო.

სადილს ერთ ჭიქა თეთრს და ერთ ჭიქა წითელს ატანდი.

ღამე თუ გაგეღვიძებოდა და ნახავდი, რომ მეც მეღვიძა შემომივლიდი და მეტყოდი: “early bird catches the worm” და გაბრუნდებოდი საძინებელში.

ეს ის მხარეებია, რომლებიც ბევრმა არ იცის შენზე, ის მხარეები, რომლებიც იმ ჰიპერინტელექტუალ, დაუღალავ, მიზანმიმართულ და ხელოვან ადამიანს – გელა ჩარკვიანს ჩემს ბაბუას ხდის.

რითი დაგიმსახურე?

ჩემს ბედიანობაში ეჭვი არავის არ ეპარება, მაგრამ მე და შენ ბედზე ბევრად მეტი გვაკავშირებდა. ისე მოხდა, რომ ჩემი და შენი ურთიერთობა არ ჰგავდა არც ერთ სხვას.

მე და შენ თითქმის ყოველდღე ვმესიჯობდით. არ მოვიტყუები და ბევრი დრო დავუთმეთ შენთვის მესიჯობის სწავლას. მეუბნებოდი: „ამაში ნამდვილად მჯობნი თაგვო”..:) მაგ დროს ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემთვის ეს. შენი ყოველი “Whats up my little mouse?” მახარებდა.  ყოველი მონაწერი კი, უფრო და უფრო გვაახლოებდა.

რამდენი ადამიანი გიხსენებს, როგორც მათ განმანათლებელს. რა მაგარია, რომ როგორც მასწავლებელი დარჩი ამდენ ადამიანს, მაგრამ რა ვქნა და არ შემიძლია, რომ გულში არ ჩავიცინო. ჩემთვის ხომ სულ სხვა დონის მასწავლებელი იყავი?!  ყველაზე მეტი მე დამიტოვე. ამდენი ბლოკნოტი სავსე ყოვლისმომცველი ცოდნით, რომელიც ჰქმნის ჩემი ცნობერის და ქვეცნობერის ძირითად ნაწილს და ამდენი მოგონება შენი ყოველდღიურობიდან რომელიც ბევრად მეტის მომცველია, ვიდრე უმეტესი წიგნი.

მახსოვს, როგორ გაგიხარდა, რომ ფილოსოფიით ვიყავი დაინტერესებული და როგორ გაგიკვირდა  შენი  ცნობილი სალათის გაკეთებისას როგორ მოგიყევი ვიდგენშტეინის თეზისებზე. სადილზე თუ უბრალოდ დიდ ოთახში ჯდომისას, ბევრჯერ გვილაპარაკია ქალის როლზე ოჯახში, ინტელექტუალურ სფეროში და ზოგადად კაცობრიობაში. ძალიან სუფთად მაქვს ჩაბეჭდილი, თუ როგორი ქალი და ზოგადად, ადამიანი გინდოდა რომ გავმხდარიყავი. მადლობა!

შენ ჩემი მარკუს ავრელიუსი ხარ. სტოიციზმის, შრომის და სიღრმის უმაღლესი მაგალითი. მარკუს ავრელიუსს ჰყავდა შვილი, კომოდუსი, რომლის წარმატების მხოლოდ მარკუსს სჯეროდა და ყველაფერს შვრებოდა, რომ თავისი დიადი ცოდნა და გამოცდილება მისთვის გადაეცა. როგორც ვიცით, კომოდუსმა ვერ გაამართლა იმპერატორი მამის გეგმები და რომის ოქროს ხანას ბოლო მოუღო. უნდა მოახერხო, რომ მარკუს ავრელიუსის ამხელა სტანდარტი, დაუზარებელი შრომა და მონდომება წყალში ჩაყარო.  შენ კი ხარ ჩემი მარკუსი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვაპირებ კომოდუსობას! გპირდები, რომ არ ჩავახშობ  ჩვენ ოქროს ხანას და ყველაფერი, რაც თაობების განმავლობაში მე გადმომეცით, გადავცემ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს!

ჩემი წინსვლა ახლა იწყება და ვწუხვარ, რომ აქ არ იქნები, რომ მოგიმესიჯო ჩემი ყოველი წარმატება. მე კი პირველად არ მაქვს ეს გრძნობა, რომ გამომაკლდა ისეთი ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდებოდა ჩემი წინსვლა. ორი წლიდან განვიცდი, რომ ვერ მნახა ირაკლიმ ისეთი, როგორიც თუნდაც შენ მნახე, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც დარწმუნებული ვიყავი და ვარ რომ ის სულ ჩემთან იყო და დღემდე მადევნებს თვალს…  ახლა შენც იქვე ხარ და უკვე ერთად გაიღიმებთ ჩემს წარმატებაზე…

სენეკას თანახმად – როგორც ცეცხლი ცდის ოქროს, უბედურება ცდის ძლიერ ადამიანს. ძალიან დამწყვიტე გული შენი წასვლით, მაგრამ სირთულის მიუხედავად, უნდა გადავდო სენტიმენტები გვერდზე, რადგან ვიცი, რომ შენ და ირაკლის ასე გენდომებოდათ. უკვე საქმე მეძახის და გპირდებით, რომ აუცილებლად გაამაყებთ… სხვა რა დამრჩენია.

თქვენ იცით, აბა! ბევრი ღვინო არ მოგივიდეთ.

მიყვარხართ, თქვენი პატარა ნანა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები