LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა დიხამინჯია: „საერთოდ რომ არ არსებობდეს ოპოზიცია, რუსეთში აპირებთ ცხოვრებას? იპოვეთ ერთი ქილა საღებავი საკუთარ გარაჟში და ერთი ზედმეტი საათი… ჩვენი შესაკეთებელია ეს ქვეყანა, ან შეგიძლიათ, წუწუნი გააგრძელოთ“

180
ნანა დიხამინჯია

„ალტე“ უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი ნანა დიხამინჯია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

ნანა დიხამინჯია სამოქალაქო, ადამიანების ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, საკუთარი ცხოვრებიდან რამდენიმე მაგალითი მოჰყავს და აღნიშნავს, რომ „ზოგჯერ ისეთ ადგილზე ჩნდები, სადაც მხოლოდ საკუთარი საქმის კეთება არ არის საკმარისი“.

„მისურის პატარა ქალაქში რომ არ მეცხოვრა, სადაც ბავშვებისთვის უფასო კლასგარეშე საგანმანათლებლო აქტივობებს მეტწილად თვითონ ქალაქის მაცხოვრებლები ქმნიდნენ, მოხალისეობას არ დავიწყებდი და საქართველოში არ დავბრუნდებოდი.

მარტინას რომ არ ეთქვა, რა გაწუწუნებს სკოლაში რობოტიქსის წრის არარსებობაზე, ხომ ერკვევი და შენ თვითონ დაიწყე გუნდიო, არაფერს არ წამოვიწყებდი. მარტინამ რამდენიმე მშობელთან ერთად ჩემ თვალწინ სამ წელიწადში ნულიდან შექმნა ტექნოლოგიური საბავშვო ცენტრი, სადაც ახლა რობოტიქსის რამდენიმე გუნდია, საკვირაო კლასები და ათობით საზაფხულო პროგრამა სტემში – უფასოდ ან ძალიან დაბალ ფასად, ძირითადად მოხალისე მშობლებით და სტუდენტებით, ქალაქში, სადაც 2000 ბავშვია. პატარა შემოწირულობით დანგრეული სახლი იყიდეს ცენტრისთვის და რამდენიმე თვეში ფუნქციური გახადეს – უფულოდ. სტუდენტები და მშობლები მოდიოდნენ და ხან კედელს ღებავდნენ, ხან იატაკს ასხამდნენ, ხან კარადას აჭედებდნენ.

რისი იმედით გაბედე ამხელა რაღაცის წამოწყება უფულოდ-მეთქი, ვკითხე მარტინას ინტერვიუსთვის. – ვიცოდი, რომ რემონტის ფულს არავინ მომცემდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ამ ქალაქში ყველა იპოვიდა ერთ ქილა ზედმეტ საღებავს თავის გარაჟში და ერთ ზედმეტ საათს თავის განრიგშიო.

მას მერე ამ პრინციპით ვცხოვრობ. როლას მოსახლეობას რომ სახელმწიფო ან კომერციული პროგრამების განვითარებისთვის დაელოდა, ათასობით ბავშვს მოაკლდებოდა განმავითარებელი პროგრამები.

კიდევ ერთხელ ვიკითხავ – საერთოდ რომ არ არსებობდეს ოპოზიცია, რუსეთში აპირებთ ცხოვრებას? იპოვეთ ერთი ქილა საღებავი საკუთარ გარაჟში და ერთი ზედმეტი საათი. ან უფრო მეტიც – თავად წამოიწყეთ ცენტრი.

ჩვენი შესაკეთებელია ეს ქვეყანა.

ან შეგიძლიათ, წუწუნი გააგრძელოთ. მეც 35 წლის ვიყავი, როცა პირველად რობოტიქსის მოხალისე მწვრთნელი გავხდი და 40 წლის ვიყავი, როცა საქართველოში დავბრუნდი სანახევროდ და წელიწადში 3-4 პროგრამას ვაკეთებ, სადაც მოსწავლეები არაფერს იხდიან. მანამდე კი მარტო იმაზე ვწუწუნებდი, რომ საქართველოში არაფერი არ ხდება ბავშვებისთვის. მეც მეგონა, რომ ჩემი სამსახური საკმარისი წვლილია ქვეყნის განვითარებაში და მეტი არაფერი მევალება.

ახლა მაუნთინ ვიუში ვცხოვრობთ. ისეთი კარგი სკოლებია, დამატებით არაფერი სჭირდება და მოხალისეობის კულტურაც არ არსებობს. მაგრამ ზოგჯერ ასე ხდება – ისეთ ადგილზე ჩნდები, სადაც მხოლოდ საკუთარი საქმის კეთება არაა საკმარისი“, – წერს ნანა დიხამინჯია სოციალურ ქსელში.

მისურის პატარა ქალაქში რომ არ მეცხოვრა, სადაც ბავშვებისთვის უფასო კლასგარეშე საგანმანათლებლო აქტივობებს მეტწილად თვითონ…

Posted by Nana Dikhaminjia on ორშაბათი, 04 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g