თეატრისა და კინოს მსახიობს, ნანა ფაჩუაშვილს 2 იანვარს 82 წელი შეუსრულდა. მსახიობი მეგობრებისგან, კოლეგებისგან და მაყურებლისგან სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.
ნანა ფაჩუაშვილი საკუთარ 80 წლის იუბილეზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა
ნანა ფაჩუაშვილს დაბადების დღეს საჯაროდ, „ფეისბუკში“ ულოცავს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილიც.
„თანამედროვე ქართულ თეატრში იშვიათად მოიძებნება ასე რეალიზებული ქართველი არტისტი ქალბატონი, საოცრად პოპულარული და მაყურებელთა დიდი არმიისთვის ესოდენ საყვარელი, როგორც დღევანდელი იუბილარი ნანა ფაჩუაშვილია. დღეს ის 82 წლის შესრულდა! გაგიკვირდათ, არა?! თავად არ მალავს და მეც ამიტომ დავასახელე ასე პირდაპირ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს პოპულარობა და სიყვარული მხოლოდ სცენიდან, ჩვენი სათაყვანებელი რუსთაველის თეატრის სცენიდან მოიპოვა. კინოში ნაკლებად გაუმართლა, ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც ბრძანა – ყოველთვის ნაკლებად მაინტერესებდა, ვიდრე თეატრიო. მე არაერთხელ განმიცდია მისით აღფრთოვანება – თუნდაც „გუშინდელნის“ ან „ბერნარდა ალბას სახლის“ შემდეგ, ან თუნდაც „შეშლილი, შეშლილი ახალი წელი“ გავიხსენოთ… თითქოს საკმაოდ სუსტი პიესა იყო, საშუალო დადგმაც, თუმცა იყო არტისტი, რომელიც არა მარტო გაყურებინებდა სპექტაკლს, არამედ ფოიერვერკებსაც გთავაზობდა სცენიდან. აღარაფერს ვამბობ სატელევიზიო „ჯაყოზე“ და სპექტაკლ-შედევრზე „რიჩარდ მესამე“ ან კიდევ „გასაღები“, ან „ტიტუს ანდრონიკუსი“, თუნდაც „დაკრძალვა კალიფორნიაში“, ანდა „ეს თავისუფალი პეპლები“… რომელი ერთი გავიხსენო, თორემ მე „ხანუმაც“ მახსოვს და მისი ნათამაშევი სონაც!!! ახლა სხვა სივრცეებში? ზუგდიდის „თავადის ქალი მაია“ როგორი იყო? ან ახმეტელის თეატრის კლარა ცეხანასიანი, ან თუნდაც ქეთი დოლიძის სპექტაკლში „დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო“ ნამდვილი სცენის დიდოსტატის ნამუშევარი იყო. „თამაშის დასასრულის“ პრემიერა მისთვის უმძიმეს დღეებს დაემთხვა და რა ბედნიერებაა, რომ ეს დასასრული რეალურ ცხოვრებაშიც არ მოხდა, იგი კვლავ ენერგიულად შრომობს, იღვწის, ქმნის… დიდხანს, ძალიან დიდხანს უნდა იყოთ იმისთვის, რომ ახალი შექმნათ ქალბატონო ნანა! თქვენ თქვენი ერთგული მაყურებელი გელოდებათ ყოველ ახალ როლში და ეს მსახიობისთვის ყველაზე დიდი წარმატებაა. კიდევ ერთხელ გილოცავთ!“ – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში.
თანამედროვე ქართულ თეატრში იშვიათად მოიძებნება ასე რეალიზებული ქართველი არტისტი ქალბატონი, საოცრად პოპულარული და…
Posted by Dimitri Khvtisiashvili on ხუთშაბათი, 02 იანვარი, 2025