„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარის ნანა კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ სააკაშვილის დაპატიმრებას საქართველოში არაადეკვატური რეაგირება მოჰყვა ერთი მხრივ, მედიასაშუალებებში, მეორე მხრივ, უფლებადამცველების მხრიდან.
ის სახალხო დამცველის განცხადებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ ძალიან არაადეკვატურია ნინო ლომჯარია, რომელიც თავის უფლებამოსილებებში და პოზიციებში ვერ გაერკვა.
„სააკაშვილის დაპატიმრება ბოლო პერიოდში ლამის ზოგადსაკაცობრიო პრობლემად იქცა, როდესაც მსოფლიო იცნობს 101-ზე მეტ პირველ პირს – პრეზიდენტსა და პრემიერს, რომლებიც სხვადასხვა სასჯელით დაპატიმრებული, გასამართლებული არიან. თუმცა, ასეთი სერიოზული ბრალდებებით, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი გამოირჩევა, ძალიან იშვიათი გამონაკლისები თუ გასამართლებულან მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, საქართველოში ამას არაადეკვატური რეაგირება მოჰყვა ერთი მხრივ, მედიასაშუალებებში, მეორე მხრივ, უფლებადამცველების მხრიდან, და რაც მთავარია, ძალიან არაადეკვატურია სახალხო დამცველი, რომელიც თავის უფლებამოსილებებში და პოზიციებში ვერ გაერკვა.
რეჟიმს, რომელსაც სააკაშვილის სახელი უკავშირდება, ჰყავდა ასობით, ათასობით დაზარალებული, უფლებაშელახული ადამიანი, 300 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოიარა პროკურატურა, სასამართლოები, რომლებმაც თავის თავზე გადაიტანეს ის პრობლემები, რომლებიც თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით, ციხეებში წამება, ღირსებისშემლახავი მოპყრობები და წამებით გამოწვეული სიკვდილები, ქუჩებში უდანაშაულო ადამიანების ჩახოცვა”,- ამბობს ნანა კაკაბაძე.
მისივე თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებსაც 9 წლის განმავლობაში უხეშად ერღვეოდათ უფლებები, სამართლიანობა უნდა ნახონ.
„დღეს ის ექსპრეზიდენტია და სირცხვილია, როდესაც საკუთარ ქვეყანაში, სადაც ის ქვეყნის პირველი პირი იყო, მაწვნებთან და არაჟნებთან ერთად შეიპარები. ეს ერთი მხრივ, სიმხდალეა. ოდესღაც უნდა დადგეს დრო, როდესაც სამართლიანობამ უნდა იზეიმოს, იმ ადამიანებმა, რომლებსაც 9 წლის განმავლობაში უხეშად ერღვეოდათ უფლებები, უნდა ნახონ სამართლიანობა“,- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.