ჟურნალი „თბილისელები“ ნანა ლორთქიფანიძესთან ინტერვიუს გვთავაზობს, სადაც მსახიობს ფულისადმი დამოკიდებულების შესახებ უსვამს კითხვებს.
ნანა ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ მსახიობებს სტაბილური შემოსავალი არ აქვთ:
„არ მინდა, წუწუნი გამომივიდეს, მაგრამ მსახიობებს, ზოგადად, არ გვაქვს ისეთი შემოსავალი, რომ ყოველთვიურად გავინებივროთ თავი თავის მოვლის საშუალებებით და სხვა სიამოვნებებით. თუმცა, არის ელემენტარული რაღაცები, რის გარეშეც არ შემიძლია. მაგალითად, არ შემიძლია, არ წავიდე სალონში და არ მოვიწესრიგო თმა და ფრჩხილები. ამაში ფული არასდროს მენანება.
სიამოვნებით რაში ხარჯავთ ფულს?
ალბათ, ადამიანი ყველაფერს სიამოვნებისთვის ყიდულობ, თუნდაც გასტრონომიული ხარჯები ავიღოთ. საკვებს ხომ იმისთვის ყიდულობ, რომ შენი ოჯახის წევრებს ასიამოვნო?! ეს აუცილებლობაცაა და სიამოვნებაც. გინდა ის მოუმზადო შვილს და შვილიშვილს, რაც განსაკუთრებულად უყვარს. როცა ოჯახი გაქვს, მერე ბევრს ვეღარ იმეტებ საკუთარი თავისთვის. ტანსაცმლის ყიდვაც მიყვარს, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება.
ყველაზე მეტად რაში არ გიყვართ ფულის გადახდა?
კომუნალურებში, მაგრამ სხვა გზა არ არის (იცინის). საერთოდ, მიყვარს ფულის დახარჯვა, მაგრამ მაშინ, როცა მისი დახმარებით რამეს ვიძენ. აი, კომუნალურების გადახდა მართლა ძალიან არ მიყვარს. ჩვენ სტაბილური შემოსავალი არ გვაქვს. თუ დამატებითი შემოსავალი გაჩნდა, რეკლამაა, ღონისძიება ან სხვა რამ, მაშინ უფრო მეტად ვანებივრებ თავს. ამ შემთხვევაში, თამამად შემიძლია, ტანსაცმელი ვიყიდო ჩემთვის თუ ჩემი ოჯახის წევრებისთვის. სხვა შემთხვევაში ჩემი შემოსავალი, ძირითადად, საკვებსა და კომუნალურებში მიდის“.