„ჩვენ რაღაცნაირად მაინც მოვახერხებთ, რომ მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა ისევ გაიგონ, თუ რას ვფიქრობთ მათზე“, – ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა, ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა.
აღნიშნულით ჟურნალისტი გამოეხმაურა ფაქტს იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე, პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ფაქტზე, Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსების გამო ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის ჟორჟოლიანი სასამართლოში დაიბარეს.
როგორც ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსი“ ეთერში აღნიშნა, აღნიშნული ადმინისტრაციული საქმეებით ხელისუფლება ფოკუსის გადატანას ცდილობს:
„გუშინ 19:30 წუთზე დამირეკეს, როდესაც წესით სასამართლო აღარ უნდა მუშაობდეს. საინტერესოა, რომ გუშინ შევიდა სარჩელი სასამართლოში და დღეს ჩანიშნეს პროცესი, ჩქარობს ხელისუფლება, ფაქტია, საქმეში კი სტატუსები დევს – როდესაც მარიამ ლაშხმა „მასონებზე“ გააკეთა განცხადება, რომ მას მათი ხმა ესმის, მაშინ მას „დურა“ ვუწოდე, ბატის „სმაილთან“ ერთად. მარიამ ლაშხმა დაახლოებით 6 თვის წინ დაწერილი ეს პოსტი დღეს ჩათვალა შეურაცხყოფად და დღეს ჩივის.
მეორე არის ფოტო, სადაც მარიამ ლაშხის სახლი ჩანს, მეტი არაფერია იმ სტატუსში, განა იმიტომ, რომ ვერ დავწერდი, არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ მას „რუსეთის მონას“ ვერ ვუწოდებდი. ასევე დღეს დილით გავიგე, რომ წულუკიანიც მიჩივის, როდესაც მან ანწუხელიძეზე გააკეთა განცხადება, ოთხასოიანი აბრევიატურა დავწერე, რაც მეტყველებდა იმაზე, რომ მე მას ვაგინებდი.
როდესაც წულუკიანი იუსტიციის მინისტრი იყო, ამბობდა, რომ „ამ ქვეყანაში უხამსი სიტყვები აიკრძალებოდა და ჩვენ ყველანი ციხეში აღმოვჩნდებოდით.“ მაშინ ეს სიგიჟედ გვეჩვენებოდა… მე მაინც მგონია, რომ რაღაც სხვა თემა იფარება.
ერთი შეიძლება იყოს ის, რომ სამი დღის წინ გლდანის პოლიციის სამმართველოში მოქალაქე შემოაკვდათ და შემდეგ შს მინისტრის მოადგილეს ამ ამბის გაჟღერება მოუწია. რა უნოდა რეანიმაციაში, როდესაც წინა ღამით პოლიციაში იყო, არ ავრცელებენ ვიდეოკადრებს, თუ რა მდგომარეობაში შეიყვანეს და როგორ მდგომარეობაში გამოიყვანეს…
მეორეა ის, რომ დღეს 16:00 საათზე არის მათე დევიძის სასამართლო და არსებობს ვარაუდი, რომ განაჩენი დადგება. ბოლო კვლევები ამბობს, რომ მოსახლეობის 75% აცხადებს, რომ პოლიტპატიმრები გარეთ უნდა გამოუშვან, ანუ ხელისუფლების ამომრჩეველიც ამას ამბობს. ფოკუსის გადატანა უნდათ“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
რაც შეეხება შეკითხვას იმის თაობაზე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბოლო პერიოდში ამოქმედებულ კანონებსა და რეგულაციებს პროტესტზე, ჟორჟოლიანმა უპასუხა, რომ გარკვეული გავლენა ექნება, თუმცა „ქართული ოცნება“ პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებს.
„რა თქმა უნდა, ამას გავლენა ექნება, მაგრამ ჯარიმებმა ვერ მოკლა პროტესტი და რუსთაველზე გზა ისევ იკეტება. იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, რომ მარიამ ლაშხი მონაა, მაგრამ მაინც დაიწერება. კი „დურაა“ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ „დიფ-სთეითისა“ და მასონების ხმები ესმის და ეს რუსული სიტყვა სპეციალურად არის შერჩეული! ყველას დედაც, ვინც ანწუხელიძის გმირობას ეჭვს ქვეშ აყენებს!
დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანის პასუხი შესაბამისი იქნება. მათთვის ახლა წყევლაც პრობლემა გახდა, ამბობენ, რომ მუშაობენ, რომ წყევლაც აიკრძალოს, თუმცა ჩვენ რაღაცნაირად მოვახერხებთ, რომ მარიამ ლაშხმა და წულუკიანმა მაინც გაიგონ, თუ რას ვფიქრობთ მათზე.
კანონი იცავს მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირს, ანუ ეს კანონი, რომელიც მიიღეს რიგით მოქალაქეს არ იცავს. კანონი მიიღეს საკუთარი თავისთვის, ჩვენ მოქალაქეები თავს ამ კანონით ვერ დავიცავთ“. – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
⭕⬇ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა Facebook პოსტების გამო საჩივრებზე, რომლის საფუძველზეც სასამართლოში 20-მდე…
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Thursday 12 June 2025