“12 ნიშანთაგან ის ყველაზე რთულად აღსაწერია. საოცარი წინათგრძნობა აქვს. ვინმეს ორგულობაში თუ გამოიჭერს, ერთი შეხედვით სათუთი, უწყინარი არსებიდან შეუძლია შეუბრალებელ შურისმაძიებლად იქცეს. იუმორი ერთ-ერთი საბრძოლო იარაღია; ზოგჯერ ის ხუმრობს, რათა დამალოს ცრემლი. მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეუძლია. პარტნიორს ყოველთვის თავად ირჩევს, ხშირად ეჭვიანია”, – ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ თევზებს, ეს კი მომღერალ ნანუკა ფორჩხიძის ზოდიაქოს ნიშანია. ნანუკა ასტროლოგიური კუთხით ჟურნალ „გზის“ კითხვებს პასუხობს.
„პარტნიორს ყოველთვის თავად ირჩევს, ხშირად ეჭვიანია”.
ურთიერთობაში პირველი ნაბიჯის გადადგმა არ შემიძლია. ისეთი მორცხვი ვარ, მეორე მხრიდან ინიციატივა თუ არ დავინახე, პირველ ნაბიჯს ვერ გადავდგამ, ჩემში სიმორცხვეს ვერ ვერევი. ადამიანი როცა მომწონს, არ ვიცი, რა მემართება, ვეღარაფერს აღვიქვამ (იცინის). რაც შეეხება ეჭვიანობას, იმ ადამიანის მიმართ არ ვეჭვიანობ, სხვანაირი ეჭვიანი ვარ.
„სხვანაირი” ეჭვიანობა რა არის?
სულ მაქვს ეჭვი, ვინმეს რამე ხომ არ ვაწყენინე? რაღაც არასწორად ხომ არ გავაკეთე? საკუთარ ქცევებს სულ ვუკვირდები.
თავგადასავლების მოყვარული ხარ?
ექსტრემალი ვარ, ბავშვობიდან მომწონს, როდესაც ორგანიზმში ადრენალინი გამომუშავდება.
„მას შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს”.
მეტოქედ არავის აღვიქვამ, ეს არ შემიძლია. როცა მეორე ადამიანისგან ვგრძნობ, მეტოქედ აღმიქვამს, ვცდილობ, მისი ჩემდამი დამოკიდებულება პოზიტივის გამოვლენით შევცვალო. ეს მეთოდი ჭრის. ასეთი ადამიანები მერე ჩემი ძალიან ახლო მეგობრები ხდებიან.
„მას ეხერხება საკუთარი პოზიციის სისწორეში ნებისმიერი ადამიანი ადვილად დაარწმუნოს”.
სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ არის. ჩემი ასაკის ადამიანებთან შეიძლება უფრო გამომდის, მაგრამ როცა მამასთან ვლაპარაკობ, შანსი არ არის იმაში დავარწმუნო, რასაც მე ვფიქრობ. შეიძლება ეს გამოცდილების ამბავია. მშობლებთან ვმეგობრობ, მათთან გახსნილი ვარ და ნებისმიერ თემაზე შეგვიძლია ლაპარაკი. ბევრჯერ შეცდომა იმის გამოც არ დამიშვია, რომ მამას და დედას მოვუყევი ესა თუ ის ამბავი, მათგან რჩევები მოვისმინე და გავითვალისწინე.