LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაოჭები და მათი წარმოქმნის პრევენციის და კორექციის მეთოდები – სილამაზის აკადემია

704
ნატო-ლაბაძე

ნაოჭები და მათი წარმოქმნის პრევენციის და კორექციის მეთოდები – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ექიმმა დერმატოლოგმა ნატო ლაბაძემ ისაუბრა.

როგორ წარმოიქმნება ნაოჭები?

ნაოჭები კანის ხილული ნაკეცებია. ნაოჭები კლასიფიცირდება სიღრმის და წარმოქმნის მიზეზის მიხედვით. სიღრმის მიხედვით განირჩევა: ზედაპირული, საშუალო და ღრმა ნაოჭები. ზედაპირული ნაოჭები (ეპიდერმალური) შემოიფარგლება კანის ზედაპირული შრით-ეპიდერმისით, ეს არის წვრილი ნაოჭები, ზოგ შემთხვევაში „ბადის“ მსგავსი შესახედაობა აქვს. თუ ეპიდერმალური ნაოჭები ბევრია, კანი იღებს პერგამენტის სახეს. უხშირესად ზედაპირული ნაოჭების წარმოქმნის მიზეზი კანის გაუწყლოებაა, აგრეთვე მათ გაჩენას განაპირობებს ეპიდერმისის რქოვანა შრის გასქელება, რომელიც გამოწვეულია რქოვანა შრის აქერცვლის და მისი უჯრედების განახლების შეფერხებით.

საშუალო სიღრმის (დერმალური) ნაოჭები ეხება კანის შუა შრეს-დერმას, წარმოადგენს ზედაპირული ნაოჭების შემდგომი განვითარების და გაღრმავების შედეგს. მათი წარმოქმნა პირველ რიგში განპირობებულია კოლაგენთავისუფალი რადიკალებით ქსოვილების დაზიანებით, ფიბრობლასტების მიერ კოლაგენის სინთეზის შენელებით.

როგორ ფორმირდება ღრმა ნაოჭები?

ღრმა ნაოჭების ფორმირებაში მონაწილეობს ეპიდერმისთან და დერმასთან ერთად,კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილიც. პირველ რიგში ღრმა ნაოჭები წარმოიქმნება კანის ბუნებრივ ნაკეცებში. დიდ როლს თამაშობს მათ წარმოქმნაში ქსოვილების გრავიტაციული ფტოზი,როდესაც კუნთოვანი ტონუსის მოდუნების ფონზე,სიმძიმის შედეგად სახის ქსოვილები ქვემოთ ეშვება.

ნაოჭების წარმოქმნა განპირობებულია გენეტიკურად და დამოკიდებულია სახის აგებულების თავისებურებებით, აგრეთვე ნეგატიური ფაქტორების ზეგავლენით.

წარმოქმნის მიზეზის მიხედვით განირჩევა: დინამიური და სტატიური ნაოჭები.

დინამიური ნაოჭები, პირველ რიგში წარმოიქმნება მიმიკური კუნთების რეგულარული შეკუმშვის შედეგად,აგრეთვე მათ უწოდებენ „მიმიკურ ნაოჭებსაც“. იმ ადგილებში, სადაც აღინიშნება მომატებული კუნთოვანი აქტიურობა, კანის ნაკეცები, რომლებიც წარმოიქმნება მიმიკური მოძრაობების შედეგად, ეჩვევა სრულყოფილად გასწორებას. უკვე 20 წლის ასაკისათვის მიმიკური ნაოჭები შესაძლოა წარმოიქმნას შუბლზე, მოგვიანებით თვალების გარეთა კუთხეებთან.

30 წლის ასაკისთვის ფორმირდება – ზედა ქუთუთოებთან.

სტატიური ნაოჭები(ასაკობრივი,გრავიტაციული) როგორც წესი წარმოიქმნება 40 წლის შემდეგ. სტატიური ნაოჭები, დინამიურისაგან განსხვავებით არ წარმოიქმნება მიმიკური კუნთების აქტიურობის შედეგად, მათი წარმოქმნა განპირობებულია კანის დაბერების პროცესით, როგორც ბუნებრივი(ასაკობრივი) დაბერებით, ისე „ხელოვნური“-გამოწვეული მწეველობით, ულტრაიისფერი გამოსხივების და სხვა ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედებით.

კანის დაბერებისას შენელებულია სისხლის მიმოქცევა, მცირდება კოლაგენის, ელასტინის, ჰიალურონის მჟავას შემცველობა, რაც იწვევს კანის ელასტიურობის დაქვეითებას. მიმიკური კუნთები კარგავენ ტონუსს, სიმძიმის ძალის ზემოქმედებით, სახის ქსოვილები ეშვება ქვემოთ, ეშვება არათანაბრად, რასაც მივყავართ სტატიური ნაოჭების წარმოქმნამდე. მათი წარმოქმნის პროვოცირებას ახდენს არასწორი ძილის პოზა და სხვა გარეშე ფაქტორები.

ნაოჭებისთვის არსებობს ინიექციური კორექციის მეთოდები:

კონტურული პლასტიკა – მეთოდი უნივერსალურია, სხვადასხვა სიმკვრივის ჰიალურონის მჟავას შემცველი გელები გამოიყენება როგორც ზედაპირული, ისე ღრმა ნაოჭების შესავსებად.

ბოტოქსი – დისპორტის ინექციები გამოიყენება ძირითადად მიმიკური ნაოჭების საკორექციოდ,რომლის დროსაც დროებით(4-6 თვის განმავლობაში) ითრგუნება ნერვულ-კუნთოვანი იმპულსის გადაცემა, კუნთი აღარ იკუმშება, შედეგად ნაოჭი სწორდება.

ზედაპირული პილინგი – გამოიყენება ნაოჭების წარმოქმნის საპროფილაქტიკოდ. პილინგის დროს ეპიდერმისის უჯრედების განახლების პროცესი ჩქარდება, კანის მიკრორელიეფი სწორდება, ლაგდება წვრილი ნაოჭები.

საშუალო პილინგი – მოქმედებს უფრო ღრმად, ეფექტურია საშუალო სიღრმის ნაოჭებზე.

ბიორევიტალიზაცია – კანის გაუწყლოება ერთ-ერთი პირველი ფაქტორია ნაოჭების გაჩენის. ბიორევიტალიზაციის პროცედურის დროს ხდება კანის დატენიანება, ეფექტურია როგორც მათი წარმოქმნის საპროფილაქტიკოდ, ისე მათი კორექციისთვის

მეზოთერაპია – სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კანში შეყვანა კოქტეილების სახით, გამოიყენება ნაოჭების პრევენციის მიზნით.

მეზოძაფები – კანქვეშ გაწოვადი ძაფების შეყვანა,განაპირობებს სტატიკური ნაოჭების გასწორებას, იძლევა „სახის დაჭიმვის’ ეფექტს,კანქვეშა „კარკასის“ შექმნის ხარჯზე.

აგრეთვე გამოიყენება აპარატურული მეთოდებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები