სასტუმრო Holiday Inn-ში „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ პრინციპის დანერგვის შესახებ იმსჯელეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი შეხვედრის მონაწილეებს ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მართვის არსებულ პრაქტიკაზე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კანონმდებლობაზე, დაფინანსების მექანიზმებზე, სქემებსა და მონიტორინგის უზრუნველყოფის სისტემაზე ესაუბრა.
„ნარჩენების მართვის კოდექსი 2014 წელს იქნა მიღებული და ახალ ვალდებულებებს აკისრებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ პრინციპის დანერგვა საქართველოში. კოდექსის თანახმად, ისეთი პროდუქტის უშუალო მწარმოებლები და ბაზარზე განმათავსებლები, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება, 2019 წლის დეკემბრიდან ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ პროდუქტისგან წარმოქმნილი სპეციფიკური ნარჩენის გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება და ასეთი ნარჩენების აღდგენა-განთავსება.
პრინციპი სრულიად ახალია საქართველოსთვის. მისი დანერგვა მოითხოვს არა მარტო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას, არამედ ცნობიერების ამაღლებას და შესაძლებლობების გაძლიერებას სახელწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორში. პროექტი ინიცირებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook – GEO-ს ხელშეწყობით.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობების, ბიზნესკომპანიების, ასოციაციებისა და სავაჭრო პალატების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი პროექტების 70-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.