ციტრუსის რთველი გურიაში უამინდობის გამო, ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა.
როგორც გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ ”ფორტუნას” აცნობა, ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე ტონა მანდარინია მოკრეფილი, ისიც ქვედა ზონაში, სადაც ამინდები შედარებით უკეთესია. ძირითადი მოსავლის კრეფა ტრადიციულად, თვის ბოლო დღეებში დაიწყება და დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
სალუქვაძის თქმით, ნარინჯისფერი რთველის პროცესი გურიაში ძალიან ორგანიზებულია.
”ნატანებში ციტრუსების გადასამუშავებელი კერძო საწარმო გვაქვს. ის სრულ მზადყოფნაშია. მქონდა კომუნიკაცია მის მფლობელთან. ყუთები, მაცივრები და აგრეგატები… ყველაფერი მზადყოფნაშია. რაც შეეხება მის გადამუშავებასა და ექსპორტზე გატანას, შარშან მანდარინი მთლიანად იყო მიღებული და გადამუშავებული, ყოველგვარი პრობლემის გარეშე”, – განაცხადა გია სალუქვაძემ.
როგორც გუბერნატორმა განაცხადა საწარმო – ”ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია” სრულიად საკმარისია ადგილობრივი მანდარინის სრულად ჩასაბარებლად.
”ამ საწარმოს აქვს საკმაოდ დიდი მოცულობის სამაცივრე დანადგარები. ხდება მანდარინის იმ დონეზე დამუშავება, რომ მას არ ემუქრება გაფუჭება. საქართველოდან ის მაცივრების სახით გადის. წელს ციტრუსის ნორმალურ მოსავალს ველით. ნორმალური ზაფხული იყო, სტიქიამ ამ კულტურას დიდი ზიანი ვერ მიაყენა”, – განაცხადა სალუქვაძემ ”ფორტუნასთან.
რაც შეეხება მანდარინის ჩასაბარებელ ფასს, ამას მოსავლის რაოდენობა და ხარისხი განსაზღვრავს.
შარშან მანდარინი უკრაინისა და რუსეთის მიმართულებით გავიდა ექსპორტზე. წელს კი ეს მოთხოვნის მიხედვით განისაზღვრება.
