LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციისთვის 727 ათას ლარამდე დაიხარჯება

119

ნარიყალას ციხე–სიმაგრეს მასშტაბური რესტავრაცია–რეაბილიტაცია უტარდება.

ციხის რეაბილიტაცია–რესტავრაციისთვს ბიუჯეტიდან 726 983 ლარია გამოყოფილია, აქედან 300 000 ლარი 2016 წლის სამუშაოებზე დაიხარჯება.

ნარიყალას რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ამ მასშტაბის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები  ციხეს აქამდე არასოდეს ჩატარებია.
თბილისის მერიის ცნობით, ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მსხვილი მიმართულების – „ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამით“ ხორციელდება. ციხის აღდგენაზე ძეგლთა დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტები მუშაობენ.  გრძელვადიანი პროექტი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოები მოიცავს კლდოვანი ფუძე-საძირკვლების გამაგრებას, ძველი სატრაპეზოს დემონტაჟსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ახლის მოწყობას. ციხის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ტაძარს, რომლის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის სატრაპეზო მნიშვნელოვანია. არსებული სატრაპეზო აგებულია სპონტანურად და ფარავს კედლის მნიშვნელოვან ისტორიულ ნაწილს.

ახალი პროექტით, ახალი სატრაპეზო კომუნიკაციების ნაკლებად სახიფათო ზოლში აიგება. ასევე, ფასადი N12-დან N18 ბურჯის ჩათვლით გაიწმინდება იმ მცენარეებისგან, რომელიც კედელს აზიანებდა. იმავე ბურჯების ფასადი აგურის მასალით აღდგება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მოიცავს ნარიყალას დედაციხის სრულ რეაბილიტაციას. გამომდინარე იქიდან, რომ  წლების განმავლობაში წყალი ჩადიოდა კედლებში და აზიანებდა მას, პირველ რიგში, ჩატარდება ციხის გამაგრებითი სამუშაოები,  შემდეგ კი დაზიანებული ფასადისა და სხვა ნაწილების რესტავრაცია. რაც მთავარია, ციხე-სიმაგრე კულტურული მემკვიდრეობის წესების  სრული დაცვით აღდგება“,-განაცხადა თბილისის მერმა.

ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხე–სიმაგრედ არის მიჩნეული.

დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. მეოთხე საუკუნის ციხე–სიმაგრე ფრაგმენტულად გასული საუკუნის 90-იან წლებშია ღადგინეს,

თუმცა მისი ახლანდელი მდგომარეობა ავარიული და საფრთხის შემცველია.

ნარიყალას ციხის  რეაბილიტაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის ბოლოს დასრულდება.

პოპულალურები