LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – რა თქვა დაკავებულმა სასამართლოზე

171
გიორგი ახობაძე

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.

პროკურორის, შმაგი გობეჯიშვილის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობდა.

პროკურორის თქმით, ახობაძემ უკანონოდ შეიძინა 3 გრამზე მეტი Alpa PVP. მისივე განმარტებით, თუ რა მიზნით ესაჭიროებოდა მას ეს ნივთიერება, სად და რა ვითარებაში შეიძინა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

პროკურორი დაკავებულის წარსულზეც საუბრობდა. კერძოდ, მისივე ინფორმაციით, ახობაძე ნარკოდანაშაულზე წარსულშიც არაერთხელ იყო დაკავებული – მათ შორის, 2013 წელს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, ასევე, 2018 წელს სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, 2019 წელს კი, ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ინახავდა.

დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის თქმით, განჩინება და დაკავების ოქმი უკანონოა და საქმეში ვიდეომტკიცებულება არ არსებობს.

როგორც ახობაძის უფლებადამცველი აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ ადგილზე მყოფ პოლიციელებს ტექნიკური რესურსი არ ჰქონდათ და ნივთმტკიცების ამოღება ვერ გადაიღეს, დამაჯერებელი არ არის.

ცუცქირიძის თქმით, საქმეში ნეიტრალური მტკიცებულება უნდა არსებობდეს. ამასთან, ადვოკატი შეეხო იმ ფაქტსაც, რომ ახობაძე წარსულში ნასამართლევია.

ლაშა ცუცქირიძის თქმით, ახობაძეს წარსულში ჩადენილი დანაშაულები აღიარა, ახლა კი, იმას, რაც არ ჩაუდენია, ვერ აღიარებს. ადვოკატის სიტყვებით, ბრალდებული სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს და მას ნარკოტიკებთან შეხება არ აქვს.

ნანკა კალატოზიშვილი: „წარმოუდგენელი სპექტაკლია – ნარკოტიკის ჩადების დრო დაგვიბრუნეს, გვეგონა, რომ ეს ყველაფერი ძლივს წარსულს ჩავაბარეთ“

ადვოკატებმა დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა, ალტერნატივის სახით გირაო 30 000-ლარის ოდენობით შესთავაზეს. ამასთან, მათ სასამართლოს თავდებში მყოფი პოლიტიკოსების სიაც შესთავაზეს. მათ შორის, ახობაძეს თავდებში ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეც ჩაუდგა.

გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მან დღეს დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ მოხდა „სპექტაკლის“ სახით მისი დაკავება და ნარკოტიკის „ჩადება”.

მისი თქმით, ნარკოტიკების პრობლემა დაამარცხა და წარსულში დატოვა. როგორც მანვე აღნიშნა, ამ პრობლემიდან გამომდინარე, მისი დაკავება ამ ბრალდებით საზოგადოებისთვის მარტივად დასაჯერებელი იქნებოდა.

ბრალდებული ექიმის სიტყვებით, ის მისი სამოქალაქო და პოლიტიკური აქტიურობების გამო გაფრთხილებული იყო, რომ შეიძლებოდა, მსგავსი რამ დამართოდა. ამასთან, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მას ბიოლოგიური მასალა უკანონოდ აუღეს.

ახობაძის თქმით, „პოლიციელებს რომ [ნარკოტიკი] ჯიბეში არ ჩაედოთ, ახლა დედამისთან სახლში იქნებოდა.

„დაკავების მომენტში, მარცხენა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი, ვიგრძენი ჩადება, მერე გადამიყვანეს რამდენიმე მეტრით ხესთან, ხელები ამაწევინეს და იქ დაიწყეს ოფიციალური ჩხრეკა“ – აქციის მონაწილე ექიმი გიორგი ახობაძე

მან დედის ჯანმრთელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედას ინსულტი აქვს გადატანილი, რის შემდეგაც, მას მეტყველების უნარი აქვს დაკარგული, ვერ გადაადგილდება, მწოლიარე მდგომარეობაშია და მისი მოვლისა და მზრუნველობის პასუხისმგებლობა მას აქვს.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-იდან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g