LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკომანია

107
ნარკომანია

ნარკომანია ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების მოხმარებითაა გამოწვეული. იგი ბერძნული სიტყვაა, რაც ნიშნავს ძილს, გაშტერებას, სიგიჟეს, ლტოლვას. ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და ეტაპობრივად ფორმირებადი რამდენიმე სინდრომის არსებობით: შეცვლილი რეაქციის სინდრომი; ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი; ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი; ეს სამი სინდრომი ერთიანდება ერთ დიდ ნარკომანიის სინდრომში. და ბოლოს ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი.

შეცვლილი რეაქციის სინდრომი ეს არის ნარკომანიის სინდრომი, რომელიც დაავადების ჩამოყალიბების პირველი ეტაპის სინდრომია და გულისხმობს ნარკოტიკის მოხმარების ფორმის ცვლას; ზედმეტი დოზის მიღებისას, დამცავი რეაქციების გაქრობას; ტოლერანტულობის და გაბრუების ფორმის ცვლას. ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი ეს არის ნარკომანიის სინდრომი, რომელიც დაავადების განვითარების გარკვეულ ეტაპზე ჩნდება და გულისხმობს ფსიქიკურ ლტოლვასა და ინტოქსიკაციის დროს ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარს. ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი გულისხმობს ფიზიკურ ლტოლვას, ინტოქსიკაციის დროს ფიზიკური კომფორტის მიღწევის უნარს და აბსტინენტურ სინდრომს. აბსტინენტური სინდრომი ეს არის ფიზიკური ან ფსიქიკური დარღვევების სინდრომი, რომელიც ნარკომანიით დაავადებულებს უვითარდებათ, მას შემდეგ, რაც ისინი წყვეტენ ნარკოტიკის მიღებას ან ამცირებენ მის დოზას. აბსისტენტური სინდრომი ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომის შემადგენელი ნაწილია.

ნარკოტიკული საშუალებების მიღებით იწყება ადამიანის გამოფიტვა, სიფერმკრთალე, კანის ჭკნობა, თვალებში სხივის გაქრობა, მტვრევადი და გახუნებული ფრჩხილები და თმა; წონაში დაკლება; ვენების გაგანიერება, დაბუშტული ვენები, უჯრედული და ჰუმორალური იმუნიტეტის დარღვევა, რასაც თან ახლავს ჩირქოვანი გართულებები; კუჭ-ნაწლავის დაავადებები, სუნთქვის ორგანოების გაღიზიანება, ღვიძლის მოშლა, ფსიქიკური გამოფიტვა. ნარკომანიის წარმოშობის და განვითარების მიზეზად, ყველაზე ხშირად ხასიათის თავისებურებებს, ფსიქიკურ და ფიზიკურ დარღვევებს, ამა თუ იმ სოციალური ფაქტორის გავლენას ასახელებენ. იშვიათი არაა, ნარკომანიის წარმოშობა ისეთ ადამიანებში, რომლებიც სამედიცინო მიზნებისთვის იძულებული არიან დიდი ხნის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებები მიიღონ. ნარკომანიის მძიმე ფორმების მკურნალობა ხშირად უშედეგოა. სპეციალიზებულ კლინიკაში გამოყენებადი მეთოდიკა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ქმედითი, თუ თავად ავადმყოფია აქტიურ პოზიციაზე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, გამოჯანმრთელების შემდეგ ხშირია რეციდივები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები