ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტს ახალი ინიციატივა დაემატება. უწყებათაშორის კომისიას ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა ახალი რეგულაცია უკვე წარუდგინეს. კანონპროექტის მიხედვით, მოხმარებისთვის განსაზღვრული დოზის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქე სპეციალურ ბაზაში მოხვდება და მისი საქმე ე.წ. გამოსწორების კომისიას გადაეგზავნება.
მეორედ აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება, თუმცა საქმე დაპაუზდება და აღნიშნული მოქალაქის საკითხს კვლავ კომისია შეისწავლის.
იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე მისთვის დანიშნულ მკურნალობის კურსს გაივლის და წარმატებით დაასრულებს, სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და მას ნასამართლეობაც მოეხსნება. თუმცა, იგივეს მესამედ განმეორების შემთხვევაში, მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება და შეღავათები აღარ იმოქმედებს.
“მე ვფიქრობ, როცა ამ ცვლილებას გავიტანთ კომიტეტის სხდომაზე და ვისაუბრებთ დოზებთან დაკავშირებითაც, ბევრი ჩვენი თანაგუნდელი საკუთარ პოზიციას გადახედავს,” – განაცხადა ლევან კობერიძემ, რომელიც ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია.
კანონპროექტი ახალი დეტალებით იურიდიულ კომიტეტს მაქსიმუმ 10 დღის ვადაში წარედგინება.