“ჩაკრულოს კვირეულის“ ფარგლებში, NASA-დან მოწვეული სპეციალური სტუმრები, რობ მენინგი, მარსის პროგრამის ამჟამინდელი მთავარი ინჟინერი და ლეგენდარული მისიის, Voyager-ის ერთ-ერთი შემქმნელი, ჯონ კასანი ტექნოპარკში სტარტაპერებს შეხვდნენ.
NASA-დან მოწვეულმა სტუმრებმა სტარტაპერებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრას თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერის“ მონაწილეებიც დაესწრნენ.
NASA-ს წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი ისტორიული კოსმოსური მისიის 40 წლის იუბილეს ემთხვევა. 1977 წელს, ცნობილი ამერიკელი მეცნიერის კარლ სეიგანის ინიციატივით, NASA-მ ხომალდVoyager-ით კოსმოსში გაგზავნა ე.წ. „ოქროს ჩანაწერი“, რომელზეც 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო“.
25-28 სექტემბერს, საქართველოში „ჩაკრულოს კვირეული“ იმართება. კვირეულის ფარგლებში, NASA-ს წარმომადგენლების სტარტაპერებთან შეხვედრის გარდა, არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის Voyager-ის შესახებ „ემი“-ზე ნომინირებული რეჟისორის, ემერ რეინოლდსის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. დასკვნითი ღონისძიება 28 სექტემბერსაა დაგეგმილი, სადაც ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში რობმენინგი პრეზენტაციას გამართავს მარსზე განხორციელებული კვლევების შესახებ.