ფრანგული საავტომობილო კომპანია ”პეჟო” ქართულ ბაზარზე დაბრუნდა. უკვე 1 თვეა, რაც თბილისში ”პეჟოს” ცენტრი გაიხსნა და ”ავტოდილერიც”, რა თქმა უნდა, ამ ბრენდის მოდელების უფრო ახლოს გასაცნობად შოურუმში რუბრიკის სტუმართან, მომღერალ ნათია დუმბაძესთან ერთად მივიდა, რომელმაც ”პეჟო 2008”-ს საჭე მოირგო.
ფრანგული კომპანიის საქალაქო ქროსოვერი, რომელიც ”პეჟოსთვის” დამახასიათებელი დიზაინის შტრიხებით და მომრგვალებული ფორმებით გამოირჩევა – ასე ახასიათებენ მისი შემქმნელები უახლეს 2008-ს. თავისი ვიზუალით და ტექნიკური მახასიათებლებით ამ კომპაქტურმა ქროსოვერმა არამარტო ფრანგი მომხმარებლის გულის მოგება მოახერხა, არამედ სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც გაითქვა.
”პეჟო 2008” ქროსოვერის ტიპის მოდელია, რომელსაც 1,6 ძრავი და 120 ცხენის ძალა აქვს. პეჟოს” ყველა ახალი მოდელის მსგავსად, 2008 იმით გამოირჩევა, რომ საკმაოდ ეკოლოგიური, ეკონომიური და გამძლე ავტომობილია, ევრო 5-ის სტანდარტის ძრავი აქვს, რაც გამონაბოლქვის და მავნე ნივთიერებების შემცირებას ნიშნავს.
რაც შეეხება ექსტერიერს, 2008 ”პეჟოსთვის” დამახასიათებელი ელეგანტური და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. ინტერიერს კი კომფორტისთვის შექმნილი ყველანაირი ოფცია აქვს, როგორებიცაა მგზავრის და მძღოლის დამცავი ბალიშები, თანამედროვე აუდიო სისტემა და სხვა. აქვეა კლიმატკონტროლი, ბორტკომპიუტერი და თანამედროვე ავტომობილისთვის დამახასიათებელი სხვა ოფციები .
4.16-მეტრიანი სიგრძით და წინა და უკანა ფარების მრგვალი შეტეხილობებით 2008 ”პეჟოს” ექსპერიმენტების მოყვარულ დიზაინერებზე საუბრობს. მისი ელეგანტური და დახვეწილი ექსტერიერის დიზაინი ინტერიერშიც გრძელდება. თუმცა, 2008 მძღოლებს არა მარტო ვიზუალით, არამედ პრაქტიკულობითაც ხიბლავს.
