დღეს, 28 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავენ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ვეტოს დაძლევს და პრეზიდენტი კანონს დადგენილ ვადაში ხელს არ მოაწერს, კანონს ხელს 5 დღის ვადაში პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.
ვეტოს დაძლევის საკითხთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და სცენარის განვითარების ორ ვარიანტს განიხილავს:
„ახლა საქმე არის ასე – ან თქვენს შეთხელებულ ამომრჩეველს უმტკიცებთ „პრინციპულობანას „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ”, რაც მათაც კარგად იციან, რომ ტყუილია, რადგან ზოგიერთის ოჯახის წევრიც აქციაზეა, არათუ მეგობარი და ნათესავი, ან წყვეტთ ამ წარუმატებელ ავანტიურას.
პირველ შემთხვევაში ხალხის ბრაზი მატულობს, იწყება დაუმორჩილებლობა და ქვეყნის შიდა ცხოვრების ხანგრძლივი ტურბულენტობა, მეორე შემთხვევაში, არსებობს შანსი, გადაურჩეთ მასობრივ სანქციებს, მაქსიმუმ, რამდენიმე ადამიანი დასანქცირდეს, ან არც. ხალხი კი იძინებს ტკბილად და ხვალიდან აღადგენს სამუშაო რუტინას და მოშხამული განწყობის გარეშე ყველა ვემზადებით ჩემპიონატისთვის.
პირველ შემთხვევაში ახალი ორჯონიკიძეების სახელს მყარად უტოვებთ თქვენივე შთამომავლობას, მეორე შემთხვევაში, ვინც მოთოკავთ თითუნებს, ვიღაცის, 1-2%-ის თვალში მაინც, ვისაც აქამდე ეგონა, რომ კანდიდატის სტატუსი არა ინერცია და საჩუქარი, არამედ ცოტათი თქვენი შრომის შედეგიც იყო, შესაძლოა დაექვემდებაროთ რეაბილიტაციას ვერა, მაგრამ რეაბილიტაციუკას. ნუ, თუ ხალხს არ დაერევით მერე ცხელ გულზე, ამ შემთხვევაში ისიც“, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.
ახლა საქმე არის ასე – ან თქვენს შეთხელებულ ამომრჩეველს უმტკიცებთ "პრინციპულობანას "კოლექტიური ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ",…
Posted by Natia Panjikidze on ორშაბათი, 27 მაისი, 2024