რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბული ვითარების და კონფლიქტის დიპლომატიის გზით გადაჭრის აუცილებლობაზე ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადების ფონზე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე რუსეთის პრეზიდენტის საგარეო კურსთან დაკავშირებით წერს და ვლადიმირ პუტინს მიმართავს.
“როცა შენი ავტორიტეტი ღრენაზე, ბღვერაზე და მუქარაზე დააფუძნე, უკან დახევა განსაკუთრებული გამბედაობაა, რადგან ამის იქით არაფრისთვის ჩაგიყრია საფუძველი და ერთბაშად ყველა დიდების ჩამოშლის შიშს გრძნობ საკუთარ თავთან, თორემ ირგვლივ ყველა ამოისუნთქებს, რომ შენ გაიმარჯვე შენს მუდმივად გაბრაზებულ თავზე, რომელსაც ღიად რომ არაფერი ავნო, ბრაზს სხვებისკენ მიმართავ. ხოდა თუ პუტინი შეძლებს და სრულად გააუქმებს საომარ ჭინთვებს, რაც რომ ასე სასაცილოა 21-ე საუკუნეში, მათგან, ვისაც პლანეტაზე ზესახელმწიფოდ უნდა იწოდებოდეს, პირველად გამოავლენს, რომ ჭკუაც იმაზე მეტი ჰქონია, ვიდრე მოუჩანს და ნამდვილი გამბედაობაც.
აგრესორის მამოძრავებელი ფუნდამენტური გრძნობა ყოველთვის შიშია.
რაღა დროს შენი სათამაშოების მტვრევაა, ამ ასაკში უკვე ლეგოებს უნდა აწყობდე და აღარ შლიდე. გადაალახინე დაცემის შიში შენს შიგნით პატარა, ბრაზიან ვოვას და შეიძლება ტაშის ხმა არ მოგესმას შენი დამქაშებისგან, მაგრამ რეალურად ეს პირველი ნამდვილი გამარჯვება იქნება. ასე ხდებიან შეშინებული ბავშვები დიდი ბიჭები.
ვის ველაპარაკები? ვოვა, არ მისმენ ხო?”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.