ნათია ფანჯიკიძე ახლახან გამოქვეყნებულ პოსტში გარდაცვლილ დედ-მამას იხსენებს.
“დღეს მამაჩემის დაბადების დღეა, ზეგ დედას გარდაცვალების. დედაჩემზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი, იმიტომ რომ სიცოცხლეზე, განსაკუთრებით ბოლო წლებში, შეყვარებული არ იყო. მამაჩემზეც ძალიან გაბრაზებული ვიყავი, იმიტომ რომ სიცოცხლეზე ძალიან შეყვარებულს ჰგავდა და გამოვიდა, რომ ტყუოდა, ადრე და მოულოდნელად წავიდა. რომ ტყუოდა ამას მერე მივხვდი, უკვე რომ აღარ იყო და მასთან ერთად ახალი რომ აღარაფერი ხდებოდა და იძულებული ვიყავი, მილიონჯერ გამეხსენებინა და უკეთ გამეგო ძველი. მამასგან დამრჩა ზღვაზე მისი შეგროვებული ქვები, რაც ჩემზეც და მამაჩემზეც მეტი ხნისაა და მათი მნიშვნელობა გასაგებია. დედასგან კი უამრავი ნივთი, მაგალითად, ყავის ჭიქა, ან რამე ასეთი, რომლებმაც მნიშვნელობა დედას გამო შეიძინეს და რამდენადაც მიყვარს, იმდენად მაღიზიანებენ, რომ დედაჩემზე მეტხანს გაძლეს. და ნუ ხო, წიგნები. გმადლობთ. სასაფლაოც დაკეტილია. მიცვალებულებიც კარანტინში არიან, მაგრამ არა უშავს, მე და მამა ჩავწრუპავთ დღეს ღვინოს, თინუსა რომ დაიძინებს მერე”.