ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება.
როგორც ფანჯიკიძე წერს, სახელმწიფოს მოსაგვარებელია ბავშვთა საცხოვრებელი გარემოს მეთვალყურეობა. ამასთანავე, ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ აუცილებელია საზოგადოების სიფხიზლე.
„ბავშვების დაღუპვის სულისშემძვრელ ტრაგედიაში საქმე ბევრ რამეში ერთდროულადაა და რამდენიმეს ვიტყვი მხოლოდ:
შრომის უსაფრთხოების სამსახურმა ჩვენი ფსიქოთერაპიის ცენტრი კამარა რომ დაათვალიერა, ყვავილების გაზონებზე მაკეთებინა ღობეები, ვინმემ კოჭი არ გადაიბრუნოსო (სულ ოდნავ ვუტრირებ). ისეთი პატარა და სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული ორგანიზაციისთვის, როგორიც კამარაა, ნებისმიერი დამატებითი ხარჯი სერიოზული ტვირთია, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც დაგვავალეს. ამ დროს, მოსახლეობისთვის ნამდვილად საფრთხის შემცველი ობიექტები კვლავ ტრაგედიების ადგილებად რჩება, როგორც ჩანს, არ არის მთლიანად შემოღობილი.
შეშლილ ამერიკაში კაცმა მაკდონალდსს მილიონები მოუგო, ყავა ისე ცხელი მომიტანეს, პირი დამწვესო. ეს ნამეტანია, უზნეობაც კია, მაგრამ იქნებ ჩვენ სასიცოცხლო მინიმუმი მაინც გვაინტერესებდეს, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის.
ასევე სახელმწიფოს მოსაგვარებელია ბავშვთა საცხოვრებელი გარემოს მეთვალყურეობა, შესაქმნელია საათობრივად დატოვების ცენტრები და გასაძლიერებელი სოციალურ მუშაკთა სამსახურები და ამავდროულად, საზოგადოებაც ფხიზელი უნდა იყოს, მცირეწლოვან ბავშვებს თუ ხედავს ქუჩაში, მითუმეტეს სიღარიბის გამო ჯართის შეგროვებისას. თუ არ ვიქნებით ფხიზელი საზოგადოება, იმასაც ვერასდროს მივხვდებით რა მოვითხოვოთ ჩვენივე უსაფრთხო გარემოსთვის. (ეს აბზაცი მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ტრაგედია „უყურადღებო დედებს“ ემართებათ. სულ რომ არ ჰყავდეს ბავშვს მშობლები, სახელმწიფოს და საზოგადოების პასუხისმგებლობა მითუმეტეს იზრდება მაშინ).
ადრე მუშების სიმაღლიდან ცვენა გვშლიდა ჭკუიდან, ახლა ბავშვებს იწირავს ჩვენი წინასწარ, ტრაგედიებამდე რაიმეს ჭვრეტის და რამეზე ზრუნვის უუნარობა,“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.