LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია კაპანაძე: “საზოგადოება უფრო მეტად უნდა გახდეს ორიენტირებული იმაზე, რომ დაიცვას ჟურნალისტი – ე.ი დაიცვას საკუთარი გამოხატვის თავისუფლება”

77
natia-kapanadze-2021-03-12_15-49-33_339624

3 მაისს მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 3 მაისი მსოფლიო პრესის თავისუფლების დღედ 1993 წელს გამოაცხადა.

ასამბლეამ შეახსენა მთავრობებს, რომ მათი მოვალეობა არის პატივი სცენ და დაიცვან გამოხატვის თავისუფლება, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით არის გარანტირებული. გაერო-ს მიხედვით, ეს დემოკრატიის და განვითარების მთავარი პრინციპია.

როგორია ქართული მედია-გარემო და ამასთან არსებული გამოწვევები – აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ მედიის ადვოკატირების კოალიციის კოორდინატორმა, ნათია კაპანაძემ ისაუბრა.

„ხშირად გვავიწყდება მადლობა გითხრათ თქვენ, ჟურნალისტებს, ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობის გამო. ხშირად რისკის და პირადი უსაფრთხოების სანაცვლოდ, ინფორმაციის მოწოდება ნამდვილად არის დასაფასებელი.

თქვენ და თქვენს კოლეგებს, ყველა ჟურნალისტის ვულოცავ პრესის თავისუფლების დღეს, ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად იყოს საუკეთესო მაჩვენებელი და ჩვენ მოქალაქეებს გვქონდეს შანსი, მივიღოთ და გავავრცელოთ თქვენთან ერთად ინფორმაცია.

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყანა ვერ პასუხობს, დემოკრატიული ქვეყნის ვალდებულებებს, იმ გამოწვევებს, რაც დღეს, ქართულ მედიას აქვს. სამწუხაროდ, ხელისუფლება და ჩვენ ყველა, სათანადოდ ვერ ვუმკლავდებით.

პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხოებასთან არსებული პრობლემები.

სწორედ დღეს, „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“, ორგანიზაციამ, რომელიც აფასებს მსოფლიოში არსებულ მედიის მდგომარეობას, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი უკუსვლა გვაქვს, უსაფრთხოების თვალსაზრისით.

რადგანაც, 5-6 ივლისის მოვლენები, ისევე როგორც შემდგომი პროცესები, ნამდვილად არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, ქართული საზოგადოებისთვის.

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, საერთო კონტექსტში, როდესაც ჟურნალისტებს, ხშირ შემთხვევაში, არ მიგიწვდებათ ხელი საჯარო ინფორმაციაზე.

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ დაკვირვებით, გამოძიება, რომელიც ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს ეხება, ხშირ შემთხვევაში, სწრაფი და ეფექტური გამოძიებით არ სრულდება, შესაბამისად, სასამართლო არ არის მთავარი მხარდამჭერი გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილებები, ეს არის მთლიანი კომპლექსი პრობლემების, შეიძლება ითქვას ნაწილი,” – აღნიშნა ნათია კაპანაძემ.

„ფორტუნას“ კითხვაზე თუ როგორ უნდა შეძლოს ქვეყანამ უსაფრთხო მედია გარემოსა და ჟურნალისტების თანაბარი მოპყრობის უზრუნველყოფა ნათია კაპანაძემ აღნიშნა:

3 მაისის ფარგლებში ჩვენ ვახსენებთ ხელისუფლებას, რომ პატივი სცეს მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობას, თუმცა ცხადია, ეს არ არის საკმარისი ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ ხელისუფლებამ პრობლემები გადაჭრას.

ჩვენ ამას ვაკეთებთ, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, რა თქმა უნდა.

ერთადერთი გამოსავალი ისევ არის საზოგადოების შეფასება, საზოგადოების მკაცრი რეაგირება, რომ ნებისმიერი ხელშეშლა ჟურნალისტისთვის, ეს არის ხელშეშლა მოქალაქისთვის მიიღოს თავისუფალი ინფორმაცია.

საზოგადოება უფრო მეტად უნდა გახდეს ორიენტირებული დაიცვას ჟურნალისტი – ე.ი დაიცვას საკუთარი გამოხატვის თავისუფლება.

საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება და შიდა მხარდაჭერა ჟურნალისტების მისამართით, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ აგრძნობინებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს დემოკრატიის ქვაკუთხედთან.

მედიის ადვოკატირების კოალიციის კოორდინატორმა „ფორტუნას“ ეთერში ასევე განაცხადა, რომ მედიის ადვოკატირების კოალიცია შეუერთდა საერთაშორისო კამპანიას, რაც უკრაინაში ჟურნალისტების ფინანსურ მხარდაჭერას მოიცავს.

„დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვიხსენებთ უკრაინაში, საომარ ვითარებაში მომუშავე თქვენს კოლეგებს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია შეუერთდა საერთაშორისო კამპანიას #უკრაინული მედიისთვის.

ეს გულისხმობს, ფინანსურ მხარდაჭერას. თითოეული თეთრი იქნება უდიდესი მხარდაჭერა უკრაინელი ჟურნალისტებისთვის, რათა გადაირჩინონ თავი, გადაარჩინონ ორგანიზაციები.

ვისურვებდი, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მხარი დაუჭირონ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ახლა საომარ ვითარებაში, ძალიან შემცირებული რესურსით ცდილობენ მოგვაწოდონ ომის ამბები,“- აღნიშნა ნათია კაპანაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში.