LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ორველაშვილი: „რატომ გავიკეთებ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას?  ვენდობი“

274
natiaorvelashvili20345

ტელეჟურნალისტი ნათია ორველაშვილი სოციალურ ქსელში ვრცლად წერს იმის შესახებ, თუ რატომ აპირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას. მის არგუმენტებს ვრცელ პოსტში გაეცნობით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გრძელი ამბავი ნდობაზე.

რატომ გავიკეთებ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას?  ვენდობი. მე მჯერა იმ ადამიანების, რომლებმაც თავიანთი განათლება, შრომა, უძილო ღამეები ჩადეს იმაში, რომ ჩვენ დღეს ეს ვაქცინა გვქონოდა. ვიცი, რომ ვაქცინაციის გარეშე ეს კოშმარი ვერ დასრულდება. რატომ არ უნდა ვენდო ამ ხალხს?

გიფიქრიათ, რამდენ სრულიად უცნობ ადამიანს ვანდობთ ჩვენს სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ყოველდღიურად? ალბათ დღეში მინიმუმ ხუთს. ერთი დღისთვისაც არაა ცოტა და მთელი ცხოვრებისთვის – ძალიან ბევრი. აი, მაგალითად გუშინდელი,  სტანდარტულზე მსუბუქი დღე: გამოვედი სახლიდან. ლიფტი ბოლო პერიოდში ცოტა ურევდა და ხელოსანმა გააკეთა. თვითონ ხელოსანი თვალით არ მინახავს.  შევდივარ ლიფტში, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, პროფესიონალია ეს ადამიანი თუ არა, რა ხასიათზე იყო გუშინ, როცა ლიფტის ე.წ ტროსებს ამოწმებდა? ნაბახუსევზე ხომ არ იყო? კეთილსინდისიერად ჩამოუარა ყველა ჭანჭიკს და მექანიზმს? არ ვიცი. რატომღაც ვენდობი და მშვიდობით ჩავდივარ პირველ სართულამდე.

სიგარეტი. ამას საერთოდ ზედ აწერია ყველაფერი. მწარმოებელი მეუბნება, რომ კლავს. ჩამოთვლილია, რა შხამს ვისუნთქავ. რა ჯანდაბას ვენდობი ამ დროს? ჩემს მყარ ჯანმრთელობას? იღბალს? წარმოდგენა არ მაქვს. ვაჩერებ/ვიძახებ ტაქსის. ალალბედზე. ვინ არის მძღოლი? კარგად მართავს მანქანას? სწრაფად რეაგირებს? მოძალადე ხომ არ არის? ფხიზელია? არ ვიცი და ვენდობი. მანქანაში ვჯდები და გზას არც ვუყურებ – ვსქროლავ. გარშემო კიდევ უამრავი მანქანაა – არც იმ მძღოლების პროფესიონალიზმის ვიცი რამე.  ექიმთან მივდივარ. მეუბნება, რომ ამა და ამ პრობლემის გამო  კონკრეტული მედიკამენტი უნდა მივიღო. დამეთანხმებით, ყველაზე ხშირად ექიმის გადამოწმება გვინდება ხოლმე, რადგან რასაც ის იკვლევს, უფრო ხელშესახებია, ჩვენია, ჩვენი პრობლემაა ან შეიძლება გახდეს. საბოლოო ჯამში, რომელიმეს მაინც ვენდობით.

ისევ ტაქსი. ან ავტობუსი. შუქნიშანი. მანქანები თავიანთ რიგს უცდიან. რომელიმე მძღოლი ძალიან ხომ არ ჩქარობს ან ვინმეზე გაბრაზებული ხომ არ არის? აი ახლა, როცა ჩემთვის მწვანე ანთია და მისთვის წითელი, უცებ გაზს რომ მიადგას? არ მიადგამს. წითელია. ვენდობი. პროდუქტებია საყიდელი. პირობითად ყველი. ყველს  სულ უბნის პატარა მაღაზიაში  ვყიდულობ. საიდან ვიცი, რომ სუფთად ამოიყვანეს ეს ყველი? რძის ფხვნილი აქვს თუ არ აქვს? რადგან ბევრჯერ ვიყიდე და არაფერი დამემართა, ვენდობი. ეს ნდობა მეც მჭირდება.  ფრენა ყოველდღიური ამბავი არ არის, მაგრამ გავიდეთ ქვეყნის გარეთ – თვითმფრინავი. პილოტის კაბინაში ზის ადამიანი, რომელიც არც კი გვინახავს. კარგად სწავლობდა ნეტა, სანამ პილოტის კაბინაში შეუშვებდნენ? ნამდვილ კაბინაში, სიმულაციების გარეშე. მაგრამ უცოდინარს რეისს ხომ არ ჩააბარებდნენ? მერე ვიხსენებ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია და ვდუნდები. ყველა კითხვა, რომელიც აქ ჩამოვწერე, ჩვენი ყოველი ნაბიჯის დროს რომ მოგვდიოდეს თავში, ალბათ შევიშლებოდით.  კარგია რომ ამდენს არ ვფიქრობთ. ჰოდა, ვაქცინას ვენდობი. თან მჭირდება ეს ნდობა. ნდობაზეა დაფუძნებული ჩემი ცხოვრება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g