LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავას სამი ახალი მრჩეველი ჰყავს

281
ბანკი

ფინანსური ბაზრების განვითარების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებისა და სხვადასხვა მიმართულებებით საქმიანობის გაძლიერების მიზნით, ეროვნული ბანკის გუნდს საერთაშორისო კონსულტანტები შეუერთდნენ, რომლებიც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მრჩევლებად იმუშავებენ.

უცხოელი ექსპერტები – დუგლას ლაქსტონი, დევიდ ვავრა და მარსიალ ნიკოლა სმეტსი – ეროვნული ბანკს კონსულტაციებს გაუწევენ ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა მაკროეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა, ფინანსური ბაზრების განვითარება, ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულება და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მათგანს წარსულშიც აქვს ეროვნულ ბანკთან სხვადასხვა პროექტების განვითარების კუთხით მუშაობის გამოცდილება.

მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტი დუგლას ლაქსტონი გასულ წლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და კანადის ცენტრალურ ბანკში საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებდა. იგი მაკროეკონომიკის, მონეტარული პოლიტიკის, ფისკალური პოლიტიკის და ინფლაციის თარგეთირების მიმართულებით მუშაობს. წარსულში ლაქსოტონის აქტიური ჩართულობითა და კონსულტაციების გათვალისწინებით ეროვნულმა ბანკმა პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემა (FPAS) შეიმუშავა.

დევიდ ვავრა მსოფლიო დონის ეკონომისტია, რომელიც ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკთან ფინანსური ბაზრების განვითარების მიმართულებით ითანამშრომლებს. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ჩეხეთის, უკრაინისა და სერბეთის ცენტრალურ ბანკებში, იყო ჩეხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი მაკროეკონომიკური მოდელირებისა და პროგნოზების საკითხებში. დევიდ ვავრას ეროვნულ ბანკში მუშაობის გამოცდილება წარსულშიც აქვს. თავის დროზე იგი მაკროეკონომიკური მოდელირებისა და პროგნოზების დახვეწის პროექტზე მუშაობდა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

მარსიალ ნიკოლა სმეტსი ოცდაშვიდწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე საერთაშორისო ექსპერტია, რომელიც სხვადასხვა დროს იყო ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე, რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების ბიზნეს კომიტეტის თავმჯდომარე UniCreditGroup-ში. 2022 წლიდან დღემდე იგი საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების ჩარჩო-დოკუმენტზე მუშაობს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. მარსიალ ნიკოლა სმეტი ეროვნულ ბანკს კონსულტაციებს გაუწევს სანქციების აღსრულებისა და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლი ნათია თურნავა დარწმუნებულია, რომ უცხოელი კონსულტანტების კომპეტენცია და მრავალწლიანი გამოცდილება ეროვნული ბანკის პროფესიონალთა გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს.

„სამივე მათგანი მაღალი რანგის საერთაშორისო დონის ექსპერტია. მათი გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეროვნული ბანკის საქმიანობასა და მიმდინარე და მომავალი პროექტების განხორციელებაში. კონსულტანტების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენ კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას და დავნერგავთ მაღალ სტანდარტებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g