LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო ჩხეიძე პროკურატურაში მივიდა

85

თბილისის პროკურატურაში ტელეკომპანია “იბერიას” და “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე გამოკითხვაზე მივიდა. საგამოძიებო უწყებაში ის ადვოკატ გიორგი ფანცულაიასთან ერთად გამოცხადდა.

პროკურატურაში შესვლამდე ნატო ჩხეიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის დააკვირდება ვითარებას და გადაწყვეტს, მისი დაკითხვა მოხდეს სასამართლოზე თუ პროკურატურაში.

ნატო ჩხეიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე გამოეხმაურა მისი ყოფილი თანაგუნდელის, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებასაც და აღნიშნა, რომ პირადად ირმა ინაშვილმა და პარტიის სხვა წარმომადგენლებმა იცოდნენ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული პრობლემების შესახებ, რომელიც პირადად მან მოახსენა.

ნატო ჩხეიძე ასევე გამოეხმაურა „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებასაც და აღნიშნა, რომ მას კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებით ფინანსურ ვალდებულებებზე ინფორმაცია არ აქვს.

კითხვაზე, თუ რატომ არ საუბრობდნენ „ომეგა ჯგუფის“ მფლობელები და ხელმძღვანელი პირები არსებულ მდგომარეობაზე ამ პერიოდის განმავლობაში, ჩხეიძე აღნიშნავს, რომ „მაშინ სერიოზული საფრთხე არსებობდა სხვა პირთა მიმართ“. მისი განმარტებით, იგულისხმება „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების დირექტორები.

თბილისის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ გავრცელებულ აუდიომასალაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი პირები, ხოლო დღეს, გამომძიებლები პირველად მოისმენენ ნატო ჩხეიძის ჩვენებას, რომელსაც ის მოწმის სტატუსით მისცემს.

“ომეგა ჯგუფს” ბიუჯეტის წინაშე 51 მლნ ლარის ვალი აქვს. აღნიშნული დავალიანება დეკლარირებულია გადამხდელის მიერ 2015-2018 წლებში. ამავე წლებში, კომპანიამ 11-ჯერ, წერილობით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, იძულებითი ღონისძიებების არ გამოყენების/გაუქმების თხოვნით, რომელიც გათვალისწინებული იყო შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რათა არ შეფერხებულიყო საწარმოს ფუნქციონირება. მიმდინარე წლამდე, მათი მოთხოვნა სამინისტროს მხრიდან კმაყოფილდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g