“ნატოს დღეები 2019” საქართველოში დღეს ოფიციალურად დაიწყო და ამჯერად დაგეგმილი ღონისძიებების მასშტაბი წინა წლებთან შედარებით დიდი იქნება. საქართველოში აღნიშნული ღონისძიება მეთორმეტედ ტარდება და მისი მთავარი მიზანი მოქალაქეების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა, ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივებია. ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში დაგეგმილია 70-მდე სხვადასხვა ღონისძიება ქვეყნის მთელი ტერიტორიის მასშტაბით, სადაც ჩართული იქნება 10 რეგიონი. პროექტის სპიკერები იქნებიან როგორც საჯარო სამოქალაქო სექტორის, ისე მედიის წარმომადგენლები. უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიება მიზნად ისახავს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, მათ შორის მასწავლებლებთან, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან, ეთნიკური უნცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრებს და კომუნიკაციას. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა მედიის წარმომადგენლებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
„წლევანდელი ნატო-ს დღეები ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ მოვლენებით დატვირთული პერიოდი გვქონდა ამ წელს. ოქტომბერში ჩამოდის ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომელთან ერთადაც ჩვენ ვუმასპინძლებთ გენერალური მდივნის მოადგილეს. აგრეთვე მარტში საქართველოს სტუმრობდა სამხედრო კომიტეტი და გენმდივანი. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი მოვლენა გვექნება განსახილველი მთელი თვის განმავლობაში”, – განაცხადა როზარია პუგლისმა.
პირველი ღონისძიება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გაიმართება. ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.
ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.