LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატოს კარი ღიაა და რუსეთი კარისკაცი ვერ იქნება: ანდერს ფოგ რასმუსენი

139
ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ნატოს კარი ღიაა და რუსეთი კარისკაცი ვერ იქნება“. მისივე განმარტებით, რუსეთი ვერასდროს მიიღებს იმის გარანტიას, რომ საქართველო და უკრაინა არ გაწევრიანდებიან ნატოში.

„რუსეთის მოთხოვნები არის მიუღებელი – გათვალისწინებას არ ექვემდებარება მოსკოვის მოთხოვნა და ფიქრიც კი, რომ რუსეთს შეუძლია მეზობლების ნების ნაცვლად რამის გადაწყვეტა. თითოეულ ევროპულ სახელმწიფოს აქვს გარანტირებული უფლება, გადაწყვიტოს, თუ რომელ ალიანსთან იქნება აფილირებული და უსაფრთხოების რა მექანიზმებს მიმართავს. ამას რუსეთი ვერ გადაწყვეტს. რა უნდა გაკეთდეს? ახლა მთავარია, რომ ნატომ და აშშ-მა ერთიანობის დემონსტრირება მოახდინონ. ერთადერთი ენა, რომელსაც რუსეთი პატივს სცემს, არის ძალა, სიმტკიცე და ერთიანობა. 2009 წელს ნატოს გენერალურ მდივნად ჩემი არჩევისთანავე რუსეთმა წარმოადგინა ახალი შეთანხმების პროექტი ევროპის უსაფრთხოების შესახებ. ეს პროექტი ითვალისწინებდა ძალიან ბევრ ისეთ ჩანართს, რომელზეც პუტინი ახლა საუბრობს. ამიტომაც ჩემთვის პუტინის მოთხოვნები სიურპრიზი არ ყოფილა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთმა მოაწერა ხელი 1990 წელს ეუთოს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს ის ორგანიზაცია, სადაც მას გაწევრიანება სურს. ახლა მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ რუსეთი ვერასდროს მიიღებს იმის გარანტიას, რომ საქართველო და უკრაინა არ გაწევრიანდებიან ნატოში. ალიანსის კარი ღიაა და რუსეთი კარისკაცი ვერ იქნება. მინდა მივმართო ქართველ ხალხს: იყავით ამბიციურები და იცოდეთ, რომ თქვენ და მხოლოდ თქვენ გადაწყვეტთ, რომელ ორგანიზაციაში გაწევრიანება გსურთ. გააგრძელეთ იმავე შემართებით და მონდობებით. ნატოში საქართველოს გაწევრიანებას გადაწყვეტენ ალიანსის წევრები და საქართველო“, – აცხადებს რასმუსენი.

magti 5g