ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო სამიტი გაიმართა და კომუნიკეც მიიღეს. სხვადასხვა საკითხებთან ერთად კრიტიკული შენიშვნები აქვთ ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის მიმართ.
დასავლეთში ასევე არ მოსწონთ ვიქტორ ორბანის დამოუკიდებელი სვლები და შესაძლოა გარკვეული ზომებიც მიიღონ.
კვლავ არ კარგავს აქტუალობას აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ფიზიკური მდგომარეობა და მისი წინასაარჩევნო კამპანია.
ამასობაში ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი მოსკოვში ჩავიდა და ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდა ვლადიმირ პუტინთან. ამანაც გამოიწვია დასავლელი პარტნიორების, განსაკუთრებით აშშ-ს მხრიდან წუხილი და გაღიზიანება.
ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა.
„ივლისისთვის არ არის დამახასიათებელი ასეთი დინამიკა, მაგრამ მსოფლიო დინამიურია, ტურბულენტურია.
განსაკუთრებული ყურადღება იყო ვაშინგტონში ნატოს 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართული სამიტის მიმართ. მიღებულია საბოლოო კომუნიკე, შემაჯამებელი დოკუმენტი. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიღებულია რუსეთთან ომში უკრაინის წარმატებისთვის.
ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან ერთად, უახლოეს პერიოდში უკრაინას დამატებითი ხუთ პატრიოტის სისტემას მიაწვდიან. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა და გაამახვილა ყურადღება უსაფრთხოებაზე, შეიარაღების მიწოდებაზე, ნატოში გაწევრიანებზე. უკრაინის პრეზიდენტს ჰქონდა ბევრი შეხვედრა, კონგრესისა და სენატის ლიდერებთან. მის გამოსვლებს ყველგან ლაიტმოტივად გასდევდა – დროზე მოგვეცით იარაღი.
გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინა აპირებს მეორე სამშვიდობო სამიტის ჩატარებას აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ამაში მთავარი ის არის, რომ განიხილება რუსეთის მიწვევაც. რუსებმა ბუნებრივია უარყოფითი პასუხი გასცეს.
ნატოს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინას მომავალ წელს პროპორციულად 40 მილიარდი დოლარით დაეხმარებიან. ასევე უკრაინაში გაიხსნება ნატოს საწვრთნელი და მოსამზადებელი ცენტრი და მიავლენენ ნატოს მაღალი რანგის წარმომადგენელს.
ვაშინგტონის სამიტის კიდევ ორი დეტალი. სამიტს წინ უსწრებდა დებატები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და კონკურენტ დონალდ ტრამპს შორის. სერიოზული შფოთი გამოიწვია და ბაიდენმაც აღიარა, რომ არ გამოუვიდა და წარუმატებელი იყო. არ ცხრება მითქმა-მოთქმა უნდა გააგრძელოს თუ არა კამპანია და იყაროს თუ არა კენჭი ბაიდენმა. თუმცა თავად არ აპირებს მოხსნას კანდიდატურა.
უცნაური სანახავი იყო ბაიდენი საიუბილეო სამიტზე, ყველა მგრძნობიარე იყო ბაიდენის ფიზიკური მდგომარეობის საკითხზე. ყველა ფოკუსირებული იყო მის გამოსვლაზე, გადაადგილებზე, რამდენად რეალურად აღიქვამდა ირგვლივ ვითარებას. პრინციპში უპრობლემოდ ჩაიარა.
სამიტზე ცხადია იმყოფებოდნენ სხვა ლიდერებიც. პოლონეთის პრემიერ მინისტრ დონალდ ტუსკისთვის პირველი სამიტი იყო, ასევე პირველი იყო ბრიტანეთის პრემიერისთვის, ახალარჩეული მემარცხენე ლეიბორისტ კეირ სტარმერისთვის. არც იყო მოსალოდნელი, მაგრამ უკრაინასთან დაკავშირებით არ არის ცვლილება, ბრიტანეთი ურყევად განაგრძობს გვერდში დგომას და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით რადიკალური ცვლილება არ იქნება.
შედარებით კარგ ხასიათზე იყო ემანუელ მაკრონი, რომელმაც, თუ შეიძლება ასე ითქვას, დიდი შარი გადააგორა. მას მცირედი შვება მისცა არჩევნების მეორე ტურმა. საფრანგეთშიც გაიმარჯვეს მემარცხენე ძალებმა. მათ შორის ულტრამემარცხენეებიც არიან, კომუნისტებიც, მაგრამ ასევე არიან ზომიერი მემარცხენეები. მოლოდინი არის, რომ მემარცხენე ცენტრისტული და მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური ძალები მივლენ შეთანხმებამდე და შეძლებენ კომპრომისულ გადაწყვეტილებას. მოკლედ, საფრანგეთში დაძრწოდა კომუნიზმის აჩრდილი, მაგრამ ეიფელის თავზე ნამდვილად არ ფრიალებს წითელი დროშა“.