ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები” ყველასათვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი ნატუკა გულისაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ეთერის საშუალებით დააპრემიერა სიმღერა ,,გვიანი გაზაფხული” და ისაუბრა შემოქმედებით ცხოვრებაზე
საიდან დაიწყო ის უზღვავი წარმატება, რომელსაც მიაღწიე?
პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები ჩემს უსაყვარლეს რადიო ,,არ დაიდარდოს”, თქვენგან მოდის საოცარი მუხტი, რაც მახარებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მთელ ჯგუფს, ეს პერიოდი ხშირად მიწევდა დასავლეთში წასვლა და თქვენ, რომ არ ყოფილიყავით ალბათ სადღაც გზაში შემოვრჩებოდი. ის წერტილი, საიდანაც კიბეებზე დავიწყე ასვლა იყო ფილმი, გიორგი შენგელაიას ,,მიდიოდა მატარებელი”, ისეთ ბუმბერაზ მსახიობებთან მქონდა შეხება, როგორიცაა კახი კავსაძე. ძალიან ბევრი ნიჭიერი მსახიობი არსებობს, რომელსაც ეს სკოლა არ აქვს გავლილი, მე კი ეს ბედნიერება მხვდა წილად.
მოდი გავიხსენოთ თეატრალური სარდაფი, აკუსტიკა..
იქ ვიყავი ყველაფერი, პიონერ ხელმძღვანელი. მოვყვები ძალიან საინტერესო ისტორიას, თეატრალურ დარბაზში აკუსტიკა ჭოლამ რომ დადგა, იმ სპექტაკლში საერთოდ არ ვიყავი, ჩემს როლს მაშინ თამაშობდა უნიჭიერესი ქეთი ცხაკაია. მოხდა ისე, რომ ქეთის საზღვარგარეთ მოუწია წასვლა და დაიწყეს მის როლზე სხვისი ძებნა. ვიჯექი და ვფიქრობდი, რა დონის თავხედი უნდა ყოფილიყო ის ადამიანი, რომელიც ქეთის დუბლი იქნებოდა. საღამოს მეძახის ჭოლა და მეუბნება, რომ ქეთის ტექსტი გავიაროთო, ეს იყო ჩემთვის მოულოდნელი, რადგან აბსოლუტურად სხვა ტიპი იყო ქეთი, მე კი პიონერი. იმ დროს ყველაფერი მკვდარი იყო, სპექტაკლს ვთამაშობდით 2.50 ლარზე. მაშინ თეატრალურ სარდაფში მოხვედრა წარმოუდგენელი იყო.
ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა, არის თუ არა რაიმე სიახლე?
ახლა, რომ გითხრა რაიმე გადაღებები მაქვსთქო, მოგატყუებ. პანდემიის პერიოდში, დედამიწამ რესტარტი მოგვთხოვა. ყოველთვის ვცდილობ, რომ არ დავიდარდო, ყველაფერში ვეძებ პოზიტივს და საინტერესოს. გავიარე პიარის და მარკეტინგის კურსები და ამ წუთას ვარ დიდი კომპლექსის პიარი, მარკეტინგი. ვინც მიცნობთ ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება ცხოველების მიმართ, პანდემიის პერიოდში, სახლში ყოფნის დროს და კულინარიული ვიდეოების გადაღების გარდა, ვისწავლე კინოლოგ-ფსიქოლოგია, ანუ ძაღლების ფსიქოლოგია. მსახიობებს გვაქ დიდი გაქანება, ამიტომ ყველაფერი უნდა ვცადოთ.
ახლა კი ვისაუბროთ სიმღერაზე ,,გვიანი გაზაფხულია”, რომელიც დღეს დაპრემიერდება ჩვენს ეთერში..
როდესაც თქვენს რადიოში ჟღერს პროფესიონალების სიმღერები, მე ძალიან მეუხერხულება ამაზე საუბარი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ კონსერვატორია მაქვს დამთავრებული. წლების წინ გვქონდა პროექტი, მსახიობების და მომღერლების ტანდემი, რისი დისკიც კი გამოვიდა მაშინ. ეს სიმღერა არის საკმაოდ დიდი ხნის, ლილიკო ნემსაძის, ბავშვობაში დაწერილი, სადაც მე ვიმღერე. პანდემიის შემდეგ პერიოდში კი განვაახლეთ და შეიძლება ითქვას, რომ პრემიერაა, თუმცა ძალიან მცხვენია ამის თქმა.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ფოტოები