ნატურალური თაფლის შესყიდვასთან დაკავშირებით ამჟამად ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტედენტის შერჩევა/შეფასება მიმდინარეობს- ამის შესახებ განცხადებას შესყიდვების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტო მოუწოდებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, თავი შეიკავონ ტენდერის დასრულებამდე საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და სატენდერო პროცესის არასწორი ინტერპეტაციისგან.
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ნატურალური თაფლის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი გამოცხადდა შესაბამისი – კონკრეტულად ნატურალური თაფლის კლასიფიკატორის კოდით.
შესაბამისად, ყველა სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო ტენდერში მონაწილეობა. ამასთან, 597 სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს გაეგზავნა ინფორმაცია ტენდერის გამოცხადების შესახებ. ტენდერი ამ დროისთვის არის შერჩევა/შეფასების ეტაპზე, მასში გამარჯვებული მიმწოდებელი კომპანია არ არის გამოვლენილი.
ამჟამად მიმდინარეობს ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტედენტის შერჩევა/შეფასება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე საჯაროდ ატვირთული დოკუმენტაციის საფუძველზე.
მოვუწოდებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს თავი შეიკავონ ტენდერის დასრულებამდე საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და სატენდერო პროცესის არასწორი ინტერპეტაციისგან“, – ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს განცხადებაში.