LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაწოლები

107
ნაწოლები

ნაწოლები ხშირად ზეწოლის შედეგად ვითარდება, თუმცა, მიზეზი ასევე, შესაძლოა კანთან შეხებაში მყოფ ზედაპირზე სხეულის ცდომა ან ხახუნი იყოს. დიაგნოზის დასმა კლინიკური სურათის საფუძველზე ხდება. მკურნალობა მოიცავს დაზიანებული უბნის სისუფთავის უზრუნველყოფას, მასზე ზეწოლის მოხსნას და ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევას. ნაწოლები შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის მწოლიარე, სავარძელს მიჯაჭვულ ადამიანს. ხშირია ხანდაზმულებში. უპირატესად ლოკალიზებულია კანის იმ უბნებზე, რომლებიც ძვლებს ფარავს, მაგალითად, როგორიცაა: ბარძაყის ძვალი, კუდუსუნი, ქუსლები, კოჭები და იდაყვები. წყლულები ყალიბდება კანის საწოლთან, ინვალიდის ეტლთან ან ნებისმიერ მყარ საგანთან ზეწოლის ადგილას.

შემთხვევათა უმრავლესობაში ნაწოლებს ახლავს ტკივილი და ქავილი, თუმცა, პაციენტთა ნაწილში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ მგრძნობელობა, შესაძლოა მძიმე დაზიანებაც კი უმტკივნეულო იყოს. დაზიანების სიმძიმის მიხედვით ნაწოლების მიმდინარეობაში განასხვავებენ ოთხ სტადიას: პირველად ვლინდება კანის სიწითლე და ანთება; II სტადია: ზიანდება ან იკარგება კანის ზედაპირული შრე, III სტადია: დაზიანება ღრმავდება; IV სტადია: პროცესი ვრცელდება კუნთებამდე, ძვლებამდე და მყესებამდე. დაზიანებას, დაინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა ახლდეს უსიამოვნო სუნი, ჩირქოვანი გამონადენი და სიწითლე, კანის შეხებით ხდება ცხელი, ტკივილის ინტენსივობა მატულობს.

ნაწოლების მკურნალობა ბევრად რთულია, ვიდრე მათი პრევენცია. მდგომარეობის მართვის მთავარი მიზანია დაზიანებულ უბანზე ზეწოლის შემცირება, მისი სისუფთავის უზრუნველყოფა, ინფექციისგან დაცვა და სრულფასოვანი კვება. ეს უკანასკნელი ძალზე მნიშვნელოვანია წყლულების შეხორცებისთვის და ახალი დაზიანების წარმოქმნას ეწინააღმდეგება. რეკომენდებულია კარგად ბალანსირებული, პროტეინების მაღალი შემცველობის დიეტა ვიტამინებისა და მინერალების დანამატებთან ერთად. გაჯანსაღების პროცესს ასევე აჩქარებს C ვიტამინისა და თუთიის მიღება. რთული სამკურნალოა გვიანი სტადიის ნაწოლი, გარკვეულ შემთხვევებში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევით დაზიანებული ქსოვილის ჩანაცვლება სხეულის ჯანმრთელი უბნიდან აღებული მასალით, თუმცა, ამ ტიპის ოპერაცია ყოველთვის წარმატებული არ არის, განსაკუთრებით დასუსტებული, ხანდაზმული პაციენტების შემთხვევებში. ინფექციური პროცესის ღრმად მდებარე სტრუქტურებზე გავრცელებისას ანტიბიოტიკები ინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები