NDI-მა გადაწყვიტა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დღეს სადამკვირვებლო ჯგუფი არ გამოგზავნოს.
ინსტიტუტი განცხადებაში ამის მიზეზად კორონავირუსთან დაკავშირებული რისკების შემსუბუქებას ასახელებს და წერს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას გადახედეს და საკუთარი შესაძლებლობები განიხილეს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, NDI 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინმსწრებ და თანმდევ პროცესებს დისტანციურად დააკვირდება.
ორგანიზაციის ანალიტიკოსები, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ და NDI-ის წინასაარჩევნო ანგარიშში ასახული მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დააკვირდებიან.
ოფიციალური განცხადების თანახმად, სექტემბრის დასაწყისში ანალიტიკოსების გუნდი დაიწყებს კამპანიაზე დაკვირვებას. ისინი ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, პარტიების კამპანიები, გენდერი და ინკლუზია, მედია და დეზინფორმაცია.
ინსტიტუტის განცხადებით, ეს ანალიტიკოსები იმუშავებენ დისტანციურად, საქართველოში დაფუძნებულ ასისტენტებთან ერთად.
არჩევნებიდან რამდენიმე დღეში NDI მესამე ანგარიშს გამოსცემს, რომელიც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვირტუალურ რეჟიმში NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით გამართულ მაღალი დონის შეხვედრებს დაეყრდნობა.
ამასთან, NDI მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას იმ ნაბიჯებისთვის, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ჩამოსაყვანად გადაიდგა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს დანიშნა.
