LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI: ვაქცინის მიმართ უნდობლობა კვლავ მაღალია – აცრილების მესამედი კი ბუსტერ დოზის გაკეთებას არ გეგმავს

106
ცოვიდ

კორონავირუსის ორი წლის თავზე, მოსახლეობის ნახევარი მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს. თუმცა ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება – ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში, რომელიც ქვეყანაში მოსახლეობის განწყობებს შეისწავლიდა.

ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 42 პროცენტი არ აპირებს აცრას. მხოლოდ 25 პროცენტი ამბობს, რომ აიცრებოდა, 29 პროცენტი კი აცხადებს, რომ უკვე გაიკეთა ვაქცინა.

ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობასა (38 პროცენტი) და ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებენ (20 პროცენტი). ამასთან, ვაქცინირებული მოსახლეობის 34 პროცენტი ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს ან ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული.

ასევე, მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით უარესი ჯერ კიდევ წინ არის.

კვლევის მიხედვით, გამოკითხული ადამიანების 54%–დან, ვინც უკვე აიცრა ან აპირებს, რომ აიცრას, 63% პასუხობს, რომ ბუსტერს დოზას გაიკეთებს, 20% ამბობს, რომ არ იცის გაიკეთებს თუ არა, 14% არ აპირებს გაიკეთოს, ხოლო 3%–მა უკვე გაიკეთა.

კითხვაზე თუ ჩამოთვლილთაგან, რომელი აღწერს თქვენს გრძნობებს კორონავირუსთან დაკავშირებით, 2021 წლის დეკემბერში, გამოკითხულთა უმეტესობა – 37% პასუხობს, ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის,

31% პასუხობს, ყველაზე ცუდი უკან დარჩა,

12%–ის აზრით, კორონავირუსი არ წარმოადგენს დიდ პრობლემას,

ხოლო 20% პასუხობს – არ ვიცი.

 

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g