რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს ანსამბლი „ფორტე“ სტუმრობდა, რომლის წევრებმა აპრილსა და მაისში დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრეს და „ვერის უბნის მელოდიების“ კომპოზიციების პოპური შესთავაზეს მსმენელს.
ირინა კახნიაშვილი:
23 აპრილს ანსამბლებთან „თეატრალურ კვარტეტთან“, „ალილოსთან“, „ქართულ ხმებსა“ და „შვიდკაცასთან“ ერთად გავმართავთ ქალაქური სიმღერის კონცერტს ბათუმის საზაფხულო დარბაზში, მოგვიანებით კი, ასპინძას ვეწვევით ასპინძობაზე და ადგილობრივებისთვის გავმართავთ საღამოს.
12 მაისს ფილარმონიაში, საპატრიარქოს ორგანიზებით, მოეწყობა ლაზური სიმღერის საღამო, რომელშიც ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას. ძალიან საინტერესო პროექტია. ბატონი გიორგი ანდრიაძე დაგვიკავშირდა საპატრიარქოდან, რომელმაც ნებისმიერი ჩვენი სიმღერის ლაზური ტექსტის გაკეთება და შესრულება შემოგვთავაზა, რასაც სიამოვნებით დავთანხმდით, მით უფრო, რომ პირველად ვმონაწილეობთ ამგვარ კონცერტში.
როგორც წესი, ნებისმიერი წამოწყების ინიციატორი ზურაა, თუმცა ყველა მისი ინიციატივა საშინელ პრესს განიცდის. ჩვენ ყველაფერს ყვირილითა და ჩხუბით ვაპროტესტებთ, თუმცა საბოლოოდ ისე ვაკეთებთ, თითქოს ჩვენი მოფიქრებულია.
ვფიქრობ, ჩვენი წარმატება პირველ რიგში, ჩვენი ხასიათის დამსახურებაა. მართალია, ოთხივეს რადიკალურად განსხვავებული ხასიათი გვაქვს, მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია დათმობა და ერთმანეთის აზრის გათვალისწინება. რაც მთავარია, ნებისმიერი კამათი, როგორი დაძაბული და ხმამაღალიც არ უნდა იყოს, იქვე მთავრდება და სახლში არასდროს მიგვაქვს. გარდა ამისა, ზურას ყოველთვის შეუძლია იხუმროს, განმუხტოს დაძაბულობა და ყველა გაგვახალისოს.
ზურა მანჯავიძე: მე მგონი, მანანას ხასიათი საერთოდ არ აქვს, რადგან არასდროს ბრაზობს და ყოველთვის ძალიან გაწონასწორებულია. ჩვენ საათობით შეგვიძლია „ქოთქოთი”, ის კი, მაქსიმუმ ერთს წამოიყვირებს და მერე ისევ ჩუმდება.
მანანა მაისურაძე: ზოგადად, ძალიან მშვიდი ხასიათი მაქვს, მით უფრო, რომ აზრი არ აქვს კამათს, რადგან იმას მივიღებ, რასაც გადაწყვეტენ, ამათი სიტყვა ჩემთვის კანონია. ძალიან მიყვარს სამივე ჩემი მეგობარი, თუმცა ნინოსთან ყველაზე ახლოს ვარ, რომელიც პრაქტიკულად ჩემი ოჯახის წევრია. ძალიან მეგობრული, სანდო და საიმედო ადამიანია, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გვერდზე დგომა.
ნინო ახობაძე: მე და ირინა ტყუპებივით ვართ, ერთად გვიყვარს ლაპარაკი და სასაუბრო თემებიც საერთო გვაქვს. ერთ დღეს გავთხოვდით და როგორც ჩანს, ხასიათითაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ირინას აბარია მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, რადგან ჩვენგან განსხვავებით ნებისმიერი საკითხის მოგვარება შეუძლია.
ყველა სიმღერა ძალიან გვიყვარს, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მაინც „ალიონია“, რადგან პირველი სიმღერაა, რომელიც სპეციალურად ჩვენთვის დაწერეს ჩვენმა მეგობრებმა კომპოზიტორმა კახა ცაბაძემ და პოეტმა ზურა გოშაძემ. სიმღერა რამდენიმე საათში დაიწერა, მერე კი, დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ საჩუქარი ჰქონდათ ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მოგვეწონა და გაგვიხარდა, რომ ასეთმა არაჩვეულებრივმა ადამიანებმა ჩვენთვის შექმნეს სიმღერა.