თაკო მელიქიშვილის და ანზორ ოდიშარიას გადაცემას “გზაჯვარედინი” ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა სტუმრობდა, რომელმაც იღბალზე და წარმატების თუ წარუმატებლობის მთავარ მიზეზებზე ისაუბრა.
როგორ მოვიზიდოთ წარმატება და იღბალი ჩვენს ცხოვრებაში?
მარტივი არ არის, მაგრამ რეალურად, აბსოლუტურად ყველას შეუძლია წარმატებული იყოს. ზოგადად, იღბალი არის, როცა ადამიანს უმართლებს და როცა ის მარტივად იღებს ყველაფერს.
რა განაპირობებს იმას, რომ ზოგიერთ ადამიანს ყველაფერი მარტივად გამოსდის, ზოგიერთ კი უამრავი მცდელობა სჭირდება?
პირველ რიგში, ამას განაპირობებს დაბადების თარიღი. ზოგი ადამიანი უკვე ბუნებრივად იბადება იღბლიანი და მათთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერი უფრო მარტივია. როგორც ასეთი, ნებისმიერს შეუძლია მოიზიდოს იღბალი და მეტად წარმატებული გახდეს. მთავარი მიზეზი, რაც წარმატებას ან წარუმატებლობას განაპირობებს, ეს არის ჩვენი აღქმა, დამოკიდებულება. როდესაც ადამიანი მუდმივად ნეგატიურ განწყობაზეა, ყველაფერს უარყოფითად აღიქვამს, ცდილობს, რომ ყველაფრის მიმართ კრიტიკული იყოს, ამ შემთხვევაში ის კეტავს და ბლოკავს იმ დადებით მოვლენებს და მომენტებს, რომელიც შეიძლება, რომ მის ცხოვრებაში მოხდეს. კიდევ ერთი ძალიან სერიოზული მიზეზი, რომელიც ზემოქმედებს, ეს არის, როდესაც ადამიანი მხოლოდ ერთ რომელიმე პრობლემაზეა კონცენტრირებული, მაგალითად, როდესაც ადამიანი რაღაცას დარდობს, რაღაცას განიცდის და იმდენად გადართულია ამ პრობლემაზე, რომ ვეღარ ამჩნევს იმ დადებით მოვლენებს, რაც მის ცხოვრებაში ხდება. პრობლემა იმაშია, რომ შეიძლება, მის ცხოვრებაში ხდება რაღაც კარგი, რაღაც დადებითი, მაგრამ ადამიანი ამას ვეღარ აღიქვამს. ამ შემთხვევაში, ძალიან მარტივი, რაც ადამიანებს საწყის ეტაპზე შეუძლიათ, არის ის, რომ დააკვირდნენ მათ ცხოვრებას, როდის გაუმართლათ და გაიხსენონ, როგორი განწყობა, დამოკიდებულება, მოლოდინები ჰქონდათ მაშინ. როდესაც შინაგანად კარგ ხასიათზე ვართ, ისე ხდება, რომ ყველა კეთილგანწყობილია, რადგან იმ მომენტში ჩვენც კეთილგანწყობილები ვართ სხვებთან მიმართებით. როცა ცუდ ხასიათზე ვართ და ნეგატიური განწყობა გვაქვს, ჩვენს მიმართ მომენტალურად მოდის აგრესია. შესაბამისად, პირველი ნაბიჯია შევცვალოთ ჩვენი აღქმა. თუნდაც ექსპერიმენტულ დონეზე რომ შევხედოთ, ადამიანები, რომლებიც იღბლიანები არიან, პოზიტიურები და ოპტიმისტები არიან, ხოლო ადამიანები, რომლებიც წარუმატებლები არიან, პესიმისტები არიან. რაც უფრო გახსნილი და მიმღები ხარ სამყაროს მიმართ, უფრო მეტი გეძლევა. ხშირია ისიც, რომ ადამიანის ცხოვრებაში ხდება დადებითი მომენტები, მაგრამ ვერ ხედავს და ხედავს მხოლოდ უარყოფითს.
აღნიშნე, რომ ზოგიერთი ადამიანი გარკვეული წარმატების კოდით იბადება. თუ შეიძლება, რომ მათ ეს წარმატება დაკარგონ, თუ არ გაუფრთხილდებიან ?
რა საკვირველია, შეუძლია. ეს ყველაზე ხშირად მაშინ ხდება, თუ ადამიანი ამას ვერ აფასებს, არ იყენებს სამყაროსგან მიცემულ შანსებს.
თუ ადამიანი იაზრებს და ნანობს, რომ ვერ აფასებდა ამ ყველაფერს, სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია?
პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ სინანული ცუდია. ნებისმიერი მომენტი, ცუდი თუ კარგი, გამოცდილებად უნდა აღვიქვათ. რაც შეეხება გამოსწორებას, ადამიანი უნდა მიხვდეს, საიდან დაიწყო ეს პრობლემა, პირველად როდის და რაზე თქვა უარი, რა შანსები გაუშვა. მაგალითად, თუ ადამიანს 7 წლის განმავლობაში აქვს აუსრულებელი სურვილი, ეს მომავალ შესაძლებლობებს კეტავს. შეუსრულებელი სურვილები ილექება, ამიტომ პირველ რიგში ისინი უნდა შესრულდეს და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია ახალ სურვილებზე გადასვლა. შესაბამისად, ძალიან ცუდია, როცა ბავშვს რაღაც სურვილი უჩნდება და ამის მიღების შესაძლებლობა არ აქვს. რა თქმა უნდა, აქ გააჩნია სურვილსაც, თუ რა უნდა ბავშვს. თუ მშობელს ფიზიკურად არ შეუძლია კონკრეტული სურვილის ასრულება, მაშინ უმჯობესია აუხსნას ბავშვს, რადგან ხშირად ეუბნებიან ბავშვებს, რომ “უბრალოდ, არა და მორჩა”. ბავშვმა უნდა გაიაზროს, რატომ არ შეიძლება ესა თუ ის რამ.
გადაცემის აუდიოჩანაწერი