მცენარე საოცრება ნეგო იგივე უკვდავა მრავალწლოვანი ბალახი გახლავთ, რომელიც მთელი ზაფხულის მანძილზე ალამაზებს ბუნებას. მისი ყვავილი ლიმონისფერი, მოყვითალო ან ნარინჯისფერია. მედიცინაში სწორედ ყვავილის კალათას, ღეროს ზედა ნაწილით იყენებენ, რომელიც შეიცავს საპონინებს, ფლავონოიდებს, შაქრებს, ცხიმმჟავებს, ეთერზეთებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, კ-ვიტამინს, მთრიმლავ ნივთიერებებს. მის შემადგენლობაში ასევე შედის: კალციუმი, ტყვია, რკინა, მაგნიუმი, ალუმინი, თუთია, სპილენძი და ბორი. სამკურნალოდ გამოსაყენებელ ნედლეულს აშრობენ საშუალო ტემპერატურაზე სარდაფებში, სხვენზე, საცხოვრებელ შენობებში. გამომშრალი ყვავილები შეგვიძლია შევინახოთ ყუთებში 3 წლის მანძილზე.
როგორც უკვე მოგახსენეთ, სამედიცინო პრაქტიკაში ნეგოს ყვავილებს იყენებენ, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ნაღვლის გამოყოფას, აძლიერებს კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეციას, ახდენს შარდმდენ მოქმედებას, ამაღლებს სისხლის წნევას. ნეგოს პრეპარატების გამოყენება უფრო გავრცელებულია ღვიძლისა და ნაღვლის სადინარების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს. მისი პრეპარატების გამოყენება ხელს უწყობს ქვიშისა და წვრილი კენჭების გამოდევნას ნაღვლკენჭოვანი დაავადებების დროს. სააფთიაქო ბაზრებზე ნეგოს პრეპარატი „ფლამინი“ იყიდება, რომელიც შეიცავს მცენარის სასარგებლო ნივთიერებებს ფლავონოიდების სახით და შეიცავს ნეგოს მშრალ კონცენტრაციას.
ხალხურ მედიცინაში ნეგოს ნაყენსა და ნახარშს იყენებენ არა მარტო ნაღვლმდენ, არამედ როგორც შარდმდენ და სუსტ საფაღარათო საშუალებად. როგორც უკვე ვიცით, ნეგოს პრეპარატები სისხლის წნევას ზრდის, ამიტომ მათი მიღება ჰიპერტონული დაავადებების დროს არასასურველია. ნეგოს ყვავილები შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩრჩილის საწინააღმდეგოდაც. ხმელი ყვავილებისგან კი არაჩვეულებრივი თაიგულის შეკვრა შეიძლება.