საკვები პროდუქტებისა და სასმელების მწარმოებელმა მსოფლიოს უდიდესმა კომპანიამ Nestlé ნაყინის ბიზნესის ბრიტანელი პარტნიორისთვის – Froneri-სთვის სრულად მიყიდვა გადაწყვიტა. ეს პორტფელი მოიცავს მათ შორის ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Häagen-Dazs და Drumstick და შეფასებულია, დაახლოებით, 1 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკად (1.3 მილიარდი აშშ დოლარი). Nestlé გეგმავს, აღნიშნული ბრენდები Froneri-ს ეტაპობრივად, მომდევნო წლის განმავლობაში გადასცეს, თუმცა ისე, რომ ერთობლივ წარმოებაში დარჩეს.
როგორც Nestlé-ში აცხადებენ, კომპანია უფრო მეტად ფოკუსირებული იქნება ყავის, შინაური ცხოველების მოვლის, საკვები პროდუქტებისა და ხემსების მიმართულებებზე.
Froneri ათი წლის წინ შეიქმნა Nestlé-სა და ნაყინის მწარმოებელი ბრიტანული კომპანიის R&R მიერ. 2019 წელს Nestlé-მ Froneri-ს 4 მილიარდ აშშ დოლარად მიჰყიდა ნაყინის ბიზნესის ამერიკული აქტივები.
ცნობისთვის, Nestlé მსხვილი სამომხმარებლო პროდუქტების მწარმოებელი პირველი კომპანია არ არის, რომელმაც ნაყინის წარმოებაზე უარი თქვა, რადგან აღნიშნულ სფეროს თან ახლავს სპეციფიკური სირთულეები, მათ შორის სეზონურ მოთხოვნაზე დამოკიდებულება და მიწოდების ისეთი ჯაჭვის საჭიროება, რომელიც გაყინული პროდუქციის მხარდაჭერას უზრუნველყოფს. მაგალითად, Unilever-მა ნაკლებ პროდუქტზე კონცენტრირების მიზნით, გასული წლის დეკემბერში, ნაყინის მიმართულების გამოცალკევებით მსოფლიოში უდიდესი ნაყინის კომპანია – The Magnum Ice Cream Company შექმნა.
