19 მარტს ქართულმა ჯგუფმა „New One“ „ელ ცენტროში“ დაარსებიდან ერთი წლის იუბილე აღნიშნა. საღამო დახურული გახლდათ და მასზე მოხვედრა მხოლოდ მოსაწვევებით შეიძლებოდა.
ჯგუფმა იუბილეს აღსანიშნავად „პაროვ სტელარის ბენდის“ ყოფილი საქსოფონისტი Max The Sax მოიწვია, რომელიც მანამდე ბათუმში გახლდათ მიწვეული კონცერტის ჩასატარებლად. ბათუმის შემდეგ საქსოფონისტი თბილისში ჩამოვიდა, რათა ჯგუფის წვეულებას დასწრებოდა და მათთან ერთად შეესრულებინა კომპოზიციები.
საღამო „New One“-მა გახსნა და პირველ სეტში საკუთარ სიმღერებთან ერთად ცნობილი კომპოზიციების ქავერებიც შემოგვთავაზა. რასაკვირველია, შესრულდა მათი ამ დროისთვის ყველაზე ცნობილი კომპოზიცია, რომელიც ასევე ქავერს წარმოადგენს – სერგვი გვარჯალაძისა და ბაკუნა ნოზაძის „Artificial Love“-ის ჯგუფისეულ ვერსიას და მასზე გადაღებულ კლიპს „იუთუბზე“ მილიონზე მეტი მოსმენა და ნახვა აქვს.
მეორე სეტში სცენაზე მათთან ერთად Max The Sax ავიდა. ერთობლივი შესრულება ძალიან ენერგიული და საინტერესო გამოვიდა. „Artificial Love“-ში საქსოფონისტიც ჩაერთო, მთელ დარბაზში შუშხუნები აინთო და ყველამ ერთად შეასრულა სიმღერა, ბოლოს კი ტორტი გაიჭრა.
რაც შეეხება ჯგუფს, მათ სამომავლოდ უამრავი გეგმა აქვთ, რომელთაც ეტაპობრივად განახორციელებენ.