LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

New One რიგით მეორე კლიპზე მუშაობს – „ჩვენი ჯგუფი უპირობო ლიდერია!..“

279

რამდენიმე თვის წინ ინტერნეტში გამოჩნდა ქართული ჯგუფის New One ახალი კლიპი ძველ სიმღერაზე, რომლის ახლებურმა ვერსიამ დიდი მოწონება დაიმსახურა. სერგი გვარჯალაძისა და ბაკუნა ნოზაძის „Artificial Love“ (ახალი ვერსია) ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა გახდა, საზოგადოების მოწონება დაიმსახურა ასევე იუგო მორისის მიერ ჯგუფისთვის გადაღებულმა კლიპმაც.

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ ორგანიზებულ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე „ოქროს ტალღა“ სიმღერა ერთ-ერთი ნომინანტია. ჯგუფის წევრებს „ბრავო რეკორდსში“ შევხვდით, სადაც ახალ სიმღერაზე მუშაობა დაასრულეს, ივნისის შუა რიცხვებში კი იუგო მორისთან ერთად რიგით მეორე ვიდეოზე იწყებენ მუშაობას.

დათუნა ბარნაბიშვილი, დრამერი:

ჩვენი ახალი სიმღერა ახლახან ჩავწერეთ „ბრავო რეკორდსში“. მუსიკა და ტექსტი ეკუთვნით დათო ევგენიძეს და ანრი ბასილაიას, არანჟირება – ჩვენია. სრულიად განსხვავებული ჟღერადობით იქნება წარმოდგენილი ეს სიმღერა. იმ დროს, როცა ეს ნაწარმოები შეიქმნა, მას უფრო მელანქოლიური ჟღერადობა ჰქონდა, ჩვენც შევეცადეთ, უფრო დღევანდელი რეალობისთვის მოგვერგო.

ვაპირებთ ახალი ვიდეოს გადაღებას, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში გამოვა. ვიმუშავებთ აწ უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობ რეჟისორ იუგო მორისთან ერთად, რომელმაც ასევე გადაიღო ჩვენი „Artificial Love“.

თქვენი ეს სიმღერა წარდგენილია „ოქროს ტალღაზე“…

კი, გუშინ დამირეკეს და მითხრეს, თქვენ მოიგეთო (იცინიან). ვხუმრობ.  

თიკა ბალანჩინი, ვოკალისტი:

ვიცით, რომ ჩვენი სიმღერა წარდგენილია „ოქროს ტალღაზე“. მოვუწოდებთ ჩვენს მსმენელს, ვისაც მოსწონს ეს სიმღერა, რომ მხარი დაგვიჭირონ ამ კონკურსზე (იღიმის).

იუბილე აღნიშნეთ, სადაც Max The Sax-თან ერთად გამოხვედით.

დათუნა:

ახლახან აღვნიშნეთ ერთი წლის იუბილე, კლუბში „ელ ცენტრო“. ამ საღამოს სპეციალური სტუმარი იყო Max The Sax და ძალიან კარგად გავერთეთ, კარგი საღამო გამოვიდა. ჩვენ გვქონდა მასთან შეხება წინა წელს, ჯაზფესტივალზე. შემდეგ ჩვენი მეგობრების იდეით გადავწყვიტეთ, „პაროვ სტელარის“ საქსოფონისტი ჩვენს საღამოზე მოგვეწვია, სადაც ჩვენთან ერთად დაუკრავდა და ეს იდეა განვახორციელეთ.

როგორ ახერხებთ, რომ ნაკლებად მოქმედ ქართულ შოუბიზნესში იმუშაოთ და მსმენელს სიახლეები შესთავაზოთ?

ამ ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. სახელმწიფო დაკვეთა იქნება თუ კერძო, საკმაოდ მოთხოვნადები ვართ, New One ამ მხრივ უპირობო ლიდერია. ჩვენი კლიპი არნახული წარმატებით სარგებლობს და რამდენიმე თვეში დაახლოებით მილიონნახევარი ნახვა აქვს „იუთუბზე“. ბენდის არსებობის ერთი წლის თავზე ვუშვებთ მეორე ვიდეოს, რომელიც იქნება განკუთვნილი როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის. როგორ ვაპირებთ იქ გასვლას, ჯერ არ გაგიმხელთ (იცინის).

როგორია კონკურენცია ქართულ ჯგუფებს შორის? თუ გესმით კრიტიკა კონკურენტებისგან?

ლაშა აბაშმაძე, ბასისტი:

სამწუხაროდ, საქართველოში მუსიკის კრიტიკა არ არსებობს და არავინ გამოთქვამს კრიტიკულ მოსაზრებას. არც ერთი მუსიკოსი ერთმანეთს არ აკრიტიკებს. ვფიქრობ, პირიქით უკეთესი იქნება. არაჩვეულებრივიაო, ყველა ამას ამბობს. არ არსებობს, ყველას ყველაფერი მოსწონდეს. კარგი იქნება, თუკი ერთმანეთს  გახსნილად ვეტყვით აზრს. დღეს კონკურენციასა და კრიტიკაზე ვერ ვისაუბრებ. ისე, ხმები როგორ არ მომდის, ვიღაცამ რაღაც თქვაო, მაგრამ პირდაპირ არავინ არაფერს გეტყვის.

თქვენი კლიპის წარმატების შემდეგ ვარსკვლავური დაავადება ხომ არ შეგეყარათ?

ლევან შარაშიძე, გიტარისტი:

ეს მომენტი არ გვქონია, არც ერთს არ „აგვვარდნია თავში“. ვფიქრობ, ღირსეულად ვიქცევით. ღირსებასა და ამპარტავნებას შორის პატარა მანძილია. მგონია, რომ ეს ოქროს ზღვარი ყველა ჩვენგანს უკავია.

რა თანხებსაც დებთ თქვენს ნამუშევრებში, უკან იღებთ?

დათუნა:

როგორც აღვნიშნე, გვაქვს ხშირი  მიწვევები. მაინც ვცდილობთ, რომ რაოდენობამ ხარისხს არ შეუშალოს ხელი, ამიტომ ყველა მიწვევას არ ვთანხმდებით. ვცდილობთ, რომ თუკი ღონისძიებაზე ჩვენ გარდა ვინმე გამოდის, ჟანრობრივად მათთან ახლოს ვიყოთ. ეს სულ არ გამოდის, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ. საქართველოში მაინც პატარა ბაზარია. ეს პროექტი არა მხოლოდ პირადი პოპულარობისთვის, არამედ განსხვავებული ნაბიჯებისთვის შედგა. თუკი სხვებს მივცემთ ბიძგს, რომ სიახლეები გააკეთონ, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება.

ერთმანეთთან კონფლიქტი თუ გაქვთ ხოლმე?

ახლა წაგიკითხავთ მესიჯს, რომელიც ჩვენმა პიანისტმა, ნიკა ადიკაშვილმა მომწერა, შევეცდები მესიჯის ზრდილობიანი ფორმით გადმოცემას – „ძალიან მიყვარხარ, ტვინს რომ არ მიბურღავდე“ (იცინიან). ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს, რაზეც ვიჩხუბებთ. ყველა განსხვავებული ვართ და ხშირად სხვადასხვა მოსაზრება გვაქვს. ლაშა გვაშველებს ხოლმე.

როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს შეინარჩუნებთ ჯგუფს?

ალბათ, იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ერთად და ერთმანეთისთვის საინტერესოები ვიქნებით. ჯერ ჩვენს დაშლაზე საუბარი ნაადრევია.

თიკა, ერთი გოგო ხარ ამდენ ბიჭში…

ეს მომენტი, დაძაბულობისა თუ დისკომფორტის არ გვაქვს. ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს მათთან ერთად…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g