LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიჭიერი გოგონა კახეთიდან – ბარბარა სამხარაძე: „სიმღერა ლაპარაკზე ადრე ვისწავლე“

212

15 წლის სკოლის მოსწავლემ, სოფელ ჭაბუკიანის მკვიდრმა, ბარბარა სამხარაძემ, „ნიჭიერის“ ჟიურისა და მაყურებლის გაოცება შეძლო და ნიკა გვარამიასგან „ოქროს ღილაკიც“ დაიმსახურა, რის შედეგადაც პირდაპირ ნახევარფინალში ამოყო თავი. გოგონა საკმაოდ თავდაჯერებული წარდგა ჟიურის წინაშე და „I Will Survive“ ისე შეასრულა, რომ ისინიც ააცეკვა დარბაზში მსხდომი საზოგადოებამ და ტელეეკრანთან მიჯაჭვული მაყურებლებიც. სხვათა შორის, ტელეპროექტმა, როგორც ყოველთვის, საკმაოდ მაღალი რეიტინგი დაწერა, 29%.

ბარბარას ვიდეოს სოციალურ ქსელში დღეს დილიდან აქტიურად აზიარებენ. გოგონას ინტერვიუსთვის დავუკავშირდით.

ბარბარა სამხარაძე:

ეს სიმღერა ასეთი სახით ერთ-ერთ სერიალში მოვისმინე და გადავწყვიტე მისი შესრულება, ის ჩემმა დამ შემირჩია. როგორც დედაჩემი ამბობს, ლაპარაკზე ადრე სიმღერა ვისწავლე. საჯაროდ, 14 წლის ასაკიდან გამოვდივარ, რაიონულ კონცერტებზე და ინგლისურ სიმღერებს ვასრულებ. ჩემი დამხმარე და საუკეთესო შემფასებელი ჩემი დაა, რომელიც მეოთხე კურსზე სწავლობს. თუმცა ყველას აზრი მაინტერესებს და გასათვალისწინებელია.

შენს სოფელში იცოდნენ, რომ „ნიჭიერში“ აპირებდი გასვლას?

ყველამ იცოდა, რა თქმა უნდა. ზოგადად, ჩემმა მეგობრებმა მირჩიეს და მათი რჩევით მივედი „ნიჭიერში“. მითხრეს, რომ ეს იყო შანსი, რომელიც ბოლომდე უნდა გამომეყენებინა.

„ოქროს ღილაკს“ რომ დააჭერდნენ, ელოდი?

ყველაფერს ველოდი, მაგის გარდა (იღიმის). არც იმას ველოდი, რომ სოციალურ ქსელში ჩემს ვიდეოს ამდენი ადამიანი გააზიარებდა და არც იმას, რომ რუსკა საცეკვაოდ ამოვიდოდა სცენაზე. თავდაჯერებული ვიყავი იმ მხრივ, რომ ველოდი, მოვეწონებოდი ჟიურისა და ხალხს. უკრაინულ კონკურსებში ამ ღილაკს რომ იყენებდნენ, სულ მეტირებოდა, მეგონა, რომ იქ, მათ ადგილას, მე ვიდექი და მიხაროდა. დედაჩემს ვეუბნებოდი, მე ვიქნები პირველი, რომელზეც ამ ღილაკს გამოიყენებენ-მეთქი, მაგრამ ამას უბრალოდ ვამბობდი… მართალი რომ გითხრათ, უარყოფითს უფრო ველოდი, ვიდრე დადებითს. ასე მგონია, თუკი დადებითს ელოდები და უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვება, ამის გადატანა უფრო ძნელია, ვიდრე პირიქით.

ბარბარა, მართალია, რომ სოფელში ლეპტოპისთვის ფული აგიგროვეს, რომ კარგად მეცადინეობა შეგძლებოდა გამოსვლის წინ?

მართალია ის, რომ სოფელში ლეპტოპის საყიდლად ფულის შეგროვება დაიწყეს, თუმცა ეს ლეპტოპი დღემდე არ მაქვს. ჩემმა დამ მომიტანა მუსიკალური ცენტრი და მისი საშუალებით ვმეცადინეობდი.

აპირებ მომღერლობას?

არა, კონსერვატორიაში არ ჩავაბარებ. მომღერლობა ჩემი მეორადი პროფესია იქნება. რაც შეეხება „ნიჭიერს“, ნახევარფინალში ვარ და ვნახოთ, რა მოხდება (იღიმის).

ნინო მურღულია

unnamed

https://www.youtube.com/watch?v=VQtJ64rkVOE

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g