ნიდერლანდების სამეცნიერო უნივერსიტეტში შექმნეს დრონი, რომელსაც დიდი ტერიტორიის შემოწმება და ფარული სამარხების პოვნა შეუძლია. NLtimes-ის ინფორმაციით, საქმის იდეალურად შესასრულებლად მოწყობილობა ტემპერატურის, ნიადაგის შემადგენლობის და მცენარეების შესახებ ზუსტ ინფორმაციას აგროვებს.
ამ დროისთვის სამართალდამცავები და მოხალისეები სავარაუდო სამარხის საპოვნელად ჯაჭვს ქმნიან და ტერიტორიას ასე სწავლობენ. ეს არამხოლოდ ბევრ დროს მოითხოვს, არამედ გარკვეულ რისკებთანაცაა დაკავშირებული, რადგან ძებნის პროცესში შესაძლოა ნივთმტკიცებები განადგურდეს.
პროექტის ავტორთა თქმით, დრონს ახალდამარხული გვამის პოვნა რამდენიმე წუთში შეუძლია. შედარებით ძველი სამარხის აღმოსაჩენად გრუნტის უკეთესად შესწავლა და სავარაუდოდ, რამდენიმე საათი იქნება საჭირო.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში დრონებს ყოველდღიური საჭიროებებისთვის იყენებენ. მაგალითად, საფრანგეთში ისინი მავნე დაბინძურებას იკვლევენ, ხოლო შვედეთში პაციენტებს ინფარქტის საშიშროებისგან იცავენ.