ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაცნობისა და ზამთრის კურორტების პოპულარიზაციის მიზნით, ნიდერლანდების სამეფოში, საქართველოს საელჩოში საქართველოს ზამთრის ტურიზმის შესახებ ღონისძიება Georgia as a Ski Destination გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სტუმრებს საქართველოს ზამთრის კურორტებისა და სათხილამურო ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ღონისძიებას ასევე ტურისტული კომპანიების, სათხილამურო ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
უწყების ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის 55%-იანი ზრდა შეინიშნება.