ნიდერლანდურმა სტარტაპმა Lightyear გამოუშვა ავტომობილი, რომელიც მზის ელემენტებზე მუშაობს. ამ ელექტრომობილის წარმოება 2022 წლიდან ფინეთში დაიწყება. ზაფხულისთვის დაახლოებით 1000 ეგზემპლარის გამოშვება იგეგმება და მოდელს სახელად one ეწოდა.
ელექტრომობილის სვლის მარაგი ჩვეულებრივი დამუხტვის შემდეგ 725 კილომეტრი იქნება. დღესდღეობით კი ბაზარზე არსებულ ელექტრონულ ავტომობილთა შორის მაქსიმალური დისტანცია 652 კილომეტრს შეადგენს.
მოდელს ჩამონტაჟებული მზის პანელით აღჭურვავენ, რაც მას ავტონომიურ ავტომობილად აქცევს. პანელების დახმარებით ელექტრომობილი დღეში 70 კილომეტრის გავლას შეძლებს, თანაც მხოლოდ მზის ენერგიით, დამუხტვის გარეშე.
სტარტაპი ევროკავშირის ეკოლოგიური პროგრამების ფარგლებში ფინანსდება.
მანამდე კი სხვა ნიდერლანდურმა კომპანიამ მსოფლიოში პირველი „მზის“ ელექტრომობილი შექმნა, რომელიც შორი მოგზაურობებისთვისაა განკუთვნილი. ხოლო, გერმანიაში დაამზადეს ელექტრომობილის ახალი სახეობა, რომელიც ფორმას იცვლის.