ნიდერლანდები ივნისიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას დაიწყებს და რამდენიმე თვის წინ დაკეტილ სკოლებს, კაფეებსა და მუზეუმებს გახსნის.
მთავრობის გადაწყვეტილებით, უფროსკლასელები სასწავლო პროცესს 2 ივნისიდან, დაწყებით კლასებში მყოფები კი 8 ივნისიდან დაუბრუნდებიან.
„წესები ყველამ ზედმიწევნით უნდა დავიცვათ. შეზღუდვები შემსუბუქდება, თუმცა სიფრთხილე აუცილებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსს თავიდან გავრცელება შეუძლია“ – განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ.
ნიდერლანდებში დაინფიცირებულთა რაოდენობა 44,249–ს აღწევს და მათგან 5,715 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
კაფეეები და რესტორნები პირველი ივნისიდან გაიხსნება და მაქსიმუმ 30 სტუმრის მასპინძლობას შეძლებს. სოციალური დისტანციის დაცვა ყველასთვის სავალდებულო იქნება და გამონაკლისი მხოლოდ ის ადამიანები არიან, ვინც ერთად ცხოვრობს.
მუზეუმებიც გაიხსნება და ბილეთების შეძენა მხოლოდ ონლაინ იქნება შესაძლებელი, რათა სალაროებთან რიგებს მოერიდონ.
მოხუცებულთა თავშესაფრებში, სადაც ინფიცირების რისკი ყველაზე მაღალია, მკაცრი აკრძალვის შემდეგ ვიზიტორებს დაუშვებენ, თუმცა მათ ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა მოუწევთ.
და ბოლოს, სპორტული დარბაზები და კლუბები ჯერ ისევ დახურული იქნება და მათი გახსნა სექტემბრამდე არც იგეგმება.