LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიღბიდან მითხრა: „გიცანი, რომ შენ ხარო“… დინამიკაში მცირე გაუმჯობესება ჩანს, უკვე მესამე დილაა, რაც სიცხემ იკლო“ – როგორია მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

420
თაკო ჩარკვიანი

თითქმის ერთი თვეა, მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი მდგომარეობის გამო, საავადმყოფოში იმყოფება. მუსიკოსს ამ ეტაპზე კავკასიის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. დი­აგ­ნო­ზი სეფ­სი­სი და მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობლემებია.

„მამუკა არ არის კარგად, ვიბრძვით, ექიმებიც და ყველა, დიდი ხანია ამ მდგომარეობაშია, პალატაში გადავიყვანეთ და შემდეგ ისევ რეანიმაციაში დააბრუნეს“ – თაკო ჩარკვიანი ძმის, მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოქალაქეებს პერიოდულად, სოციალური ქსელის მეშვეობით უზიარებს მისი და, თაკო ჩარკვიანი. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ამავე კლინიკაში მკურნალობდა მამუკას და თაკოს დედა ირმა ჩხეიძეც, რომელიც სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ფორტუნას“ ესაუბრა თაკო ჩარკვიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ უკვე მესამე დღეა, რაც სეფსისის თანმდევმა ტემპერატურამ იკლო და ექიმების განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„უკვე მესამე დილაა, რაც სიცხემ იკლო. ექიმები ამბობენ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დინამიკაში სხვა ცვლილება ამ ეტაპზე არ შეინიშნება, თუმცა სტაბილური დინამიკაა. სიცხის კლებას ყველა ვეპოტინებით, რადგან აქამდე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა – ტემპერატურა სიცხის დამწევის გარეშე ბუნებრივად ჩამოვიდა. სეფსისს მაღალი ტემპერატურა ახასიათებს: სიცხე უცებ იმატებს 39 გრადუსამდე, შემდეგ კი მკვეთრად ეცემა 37.6-მდე და კვლავ იმატებს.

ამ ეტაპზე, მესამე დილაა, რაც სიცხე სტაბილურად დაბალია და თუ ასე გაგრძელდა, ეს მართლაც კარგი ნიშანი იქნება. სწორედ ეს დეტალები მაძლევს საფუძველს, ექიმების შეფასებაზე დაყრდნობით ვთქვა, რომ დინამიკაში მცირე გაუმჯობესება ჩანს.

მამუკა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, ზონდით იკვებება. კავკასიის მედიცინის ცენტრი სრულად თანამონაწილეობს პროცესში – საოცარი გუნდია.

სიცხის დროს სულ ნიღაბი უკეთია, ძალიან დასუსტებულია – ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს კომაშია, რის გამოც, ხშირად ვთხოვ ხოლმე, როგორმე მიმანიშნოს.

რამდენიმე დღის წინ ნიღბიდან მითხრა: „გიცანი, გიცანი, რომ შენ ხარო“. ძალიან გამახარა, რადგან ორგანიზმი უკიდურესად დასუსტებულია სიცხის, პნევმონიის და ანტიბიოტიკის გამო.

მოვასწარი და როდესაც შედარებით უკეთ გრძნობდა თავს, ვუთხარი, რომ მთელი ესტრადა რეკავს, ბიჭები კითხულობენ – სეფომ დარეკა, დათო არჩვაძემ.

როდესაც მამუკა კლინიკაში მოვათავსე, დაახლოებით ერთ კვირაში, დედაც იმავე საავადმყოფოში მივიყვანე. ისინი ერთდროულად მყავდნენ იქ. ვიხუმრე კიდეც, დედა-შვილს ერთმანეთთან ბმა აქვს-მეთქი. დედამ მამუკას შესახებ საერთოდ არაფერი იცის – მხოლოდ ის, რომ ფეხი გაურთულდა და ახლა უკეთ არის. უკვე 4 დღეა, რაც დედა კლინიკიდან გამოვიყვანე“, – უთხრა თაკო ჩარკვიანმა „ფორტუნას“.

„დედას გეფიცებით, ეს სათამაშო ნავი მახსოვს, ხელში რომ მიჭირავს. მამუკას სათამაშო ყოფილა“ – რას წერს ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თაკო ჩარკვიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g