“ნიკა ძალიან ვაჟკაცია და ის გაუძლებს ყველაფერს, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო და ამ მთავრობას მინდა მივმართო, ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ. საქართველოში მალე გათენდება”,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას მამამ განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.
ანზორ მელიამ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და მისი შვილის გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
“მიუხედავად მძიმე დღეებისა და დღევანდელი დილისა, ბედნიერი ვარ დღეს, იმიტომ, რომ ამდენ მოსიყვარულე გულებს ვხედავ ჩემი შვილის გვერდით. ეს წარმოუდგენელი იყო, არ მოველოდი ასეთ ასაკში ამხელა სიყვარულის მოპოვებას. ნიკა, თუ როგორი შემტევი, როგორი თავდაუზოგავი, როგორი ენერგიულია, ეს რომ თქვენ დაინახეთ, შეიყვარეთ, რომ მლოცავთ მე, ჩემს მეუღლესა და ბავშვებს, ყველას დიდი მადლობა! მე ვიცი, რომ ნიკა ვაჟკაცია და ყველაფერს გაუძლებს! ამ მთავრობას მინდა მივმართო, ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება“, – განაცხადა ანზორ მელიამ.