ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უზენაეს სასამართლოს მიმართავს, დროულად მოხდეს არხის საკასაციო სარჩელის დაკმაყოფილება და ნუ ამყოფებს ტელეკომპანიის თანამშრომლებს ტერორში. ამის შესახებ გვარამიამ ”რუსთავი 2”-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მივმართავ უზენაეს სასამართლოს, რომელიც იხილავს ამ სარჩელის დასაშვებობას ზეპირად, მოსმენის გარეშე. 4-დან 1 კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო, რომ საქმეზე წარმოება დაიწყოს. ჩვენი სარჩელი კი ოთხივეს აკმაყოფილებს. მივმართავ ამ კოლეგიას, მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სწრაფად, ნუ გვამყოფებენ ტერორის ქვეშ. ის, რასაც უზენაესი სასამართლო აკეთებს, არის ტერორი ”რუსთავი 2”-ის თანამშრომლებისა და მისი მაყურებლების წინაშე. მუდმივი მოლოდინი, როდის მოვა ფოსტა, შეტყობინება, ან აღმასრულებელი ან სულაც გასამხედროებული ფორმირება, რომ ”რუსთავი 2” დაიკავოს. ეს არის ტერორი, რომელსაც აწარმოებს უზენაესი სასამართლო.
გვარამიამ ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის გაფორმებული დოკუმენტის შესახებაც ისაუბრა:
პირველ რიგში, ჩვენი მთავარი არგუმენტი ამ საქმეში არის არა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, არამედ ის, რომ ”რუსთავი2”-ის მფლობელები არიან აბსოლუტურად მართლები. მათ მიერ სამართლიანად მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და პირველი ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არის უკანონო. კეთილსინდისიერი მყიდველისთვის ქონების ჩამორთმევა არ ხდება. ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის გაფორმებული დოკუმენტი კი არის ჩვენი მთავარი კოზირი. ამ დოკუმენტს თავის ფასი და მნიშვნელობა აქვს. ამით დასტურდება, რომ ქიბარ ხალვაში რეალურ მფლობელს არ წარმოადგენდა და მისი უფლებები ვერ შეილახებოდა, რადგან ის ამ ქონების რეალური მესაკუთრე არასდროს ყოფილა და არც არასდროს ფლობდა მას.