ნიკა კაციას ციხეში ავიწროებენ. სამი დღის მშიერია ბიჭი, – ამის შესახებ საბა სხვიტარიძის დედამ ლელა ახობაძემ „ღამის მთავარის“ ეთერში განაცხადა და სახალხო დამცველს მიმართა.
მისივე თქმით, ჩარიცხულ თანხებს იყენებს მისი მესაკნე, ვიღაც, რომელსაც ჰყავს დაჩაგრული და უკონტროლებს თითოეულ ჩეკს.
„მე დავდივარ სისტემატურად თითქმის ყველა სასამართლოზე… დღეს შევესწარი ასეთ ფაქტს, რომ [ნიკა] კაციას სასამართლოზე მოვისმინე ასეთი რამე, რომ მივმართავ სახალხო დამცველს, რომ ყურადღება მიაქციონ ჩვენს პატიმრებს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩემი შვილი იქნება თუ კაცია იქნება. ყველა ჩემი შვილი ზის…
მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ მერე არ თქვას ვინმემ, რომ ეს არ გაჟღერებულა და ამიტომ ვამბობ, მოვალეობას ვიხდი – კაციას ციხეში ავიწროებენ. სამი დღის მშიერია ბიჭი. საკვები როცა მიდის მაინცდამაინც კაციაზე რომ არის გაცემა, მაშინ მთავრდება ეს საკვები. ჩარიცხულ თანხებს იყენებს მისი მესაკნე, ვიღაც, რომელსაც ჰყავს დაჩაგრული და უკონტროლებს თითოეულ ჩეკს.
მე-8 იზოლატორმა, ადმინისტრაციამ, მიხედოს ამ საქმეს და გადახედოს ამ საქმეს და სახალხო დამცველმა. ამას მოებას თავი სასწრაფოდ, თორემ ყველა დედა დავდგებით ფეხზე. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვისი შვილი დაიჩაგრება, ყველა არის ჩვენი შვილი“, – ამბობს ლელა ახობაძე.
ცნობისათვის, ჟურნალისტი ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ნიკა კაციას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 9 დეკემბერს შეეფარდა. მორიგი სასამართლო სხდომა კი, რომელზეც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, დღეს გაიმართა.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკა კაცია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა