LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა კვეკვესკირი: „შეუძლებელია არ გიხაროდეს, რომ ქართველს ჰყავს კუმირი ქართველად და ის კუმირი ვინც ჰყავს, მართლა იმსახურებს ამ ბავშვის კუმირობას“

160
ნიკა კვეკვესკირი

2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული ღირსეული 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრების სამშობლოში დაბრუნებას დიდი ზეიმი მოჰყვა.

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

ნაკრების გულშემატკივრების თბილ დახვედრასა და ემოციებზე ტვ „იმედის“ ეთერში ისაუბრა ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა, რომელმაც ქომაგებს სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან სასიხარულოა.

„შეუძლებელია არ გიხაროდეს, რომ ქართველს ჰყავს კუმირი ქართველად და ის კუმირი ვინც ჰყავს, მართლა იმსახურებს ამ ბავშვის კუმირობას, რადგან სამაგალითოა როგორც თავისი პროფესიონალიზმით, ასევე ნაჩვენები თამაშით და ქვეყნის სიყვარულით. ძალიან მიხარია, რომ ეს ტენდენციაა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს რამდენიმე წელიწადში და ეს ბავშვები, რომლებიც ზრდასრულ ასაკს მიაღწევენ, ასევე ითამაშებენ ეროვნულ ნაკრებში და ბევრად წარმატებულები იქნებიან, ვიდრე ჩვენ“, – თქვა ფეხბურთელმა.

ნიკა კვეკვესკირმა იმ შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ მომენტებზეც ისაუბრა, რომელიც ევრო 2024-მა ეროვნული ნაკრებისთვის შექმნა:

„განსაკუთრებული იყო ქართველი გულშემატკივარი იქ, გერმანიაში, როგორ ავაჟღერეთ ქართული ჰიმნი ევროპაში, როგორ გაიშალა ჩვენი დროშა პირველად. ყველა ეს დეტალი იყო ძალიან ემოციური. მგონია, რომ ცოტა გავლენაც კი იქონია თურქეთთან საწყის წუთებზე, რადგან მართლა ემოციების ზღვა იყო თითოეული ფეხბურთელის გულში. ყველაზე ემოციური მომენტი რაც შემიძლია გავიხსენო, ეს იყო ის ცერემონია, ხარ ფეხბურთელი, ბავშვობიდან ამაზე ოცნებობ და როდესაც შენი დროშა იშლება საფეხბურთო გიგანტების გვერდით და ჟღერდება ქართული ჰიმნი პირველად ევრო სარბიელზე. ემოციურად ამაზე დიდი ფეხბურთელისთვის ალბათ არაფერი შეიძლება იყოს. ძალიან მაგრად გვინდოდა, რომ ქართველი ხალხი გაგვეხარებინა და ყველასთვის დაგვემტკიცებინა, რომ საქართველო არის საფეხბურთო ქვეყანა და ეს შევძელით, რაც ყველაზე დიდი ბედნიერებაა“, – თქვა ნიკა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, ნაკრების წევრი, ნიკა კვეკვესკირი პოლონეთში გაემგზავრა და საკუთარი კლუბ „ლეხ პოზნანს“ შეუერთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g